გიგი უგულავას საქმე

პროკურორი: უგულავას და მისი შვილის ჩანაწერს საქმესთან შემხებლობა აქვს

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავას პროცესი გადაიდო. წინასასამართლო სხდომა 17 მარტს გაიმართება. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარადგინეს დასაკითხ მოწმეთა სია. ამასთან, ბრალდებულმა გიგი უგულავამ ჰკითხა პროკურორს თუ რა შემხებლობა აქვს საქმესთან მის შვილთან სატელეფონო საუბარს. პროკურორის განცხადებით, ჩანაწერი სანქცირებულია და მას საქმესთან შემხებლობა აქვს. პროკურორის თქმით, უგულავა შვილს ეუბნება, რომ მუშაობს, თუმცა, იმ დროს უგულავას უკვე შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება. ბრალდების მხარე სწორედ ამ არგუმენტით განმარტავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის და მისი 14 წლის შვილის სატელეფონო საუბრის საქმეზე დართვას.

გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებულ საქმის მასალებზე მისი და მისი შვილის სატელეფონო ჩანაწერის დართვის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. უგულავას განცხადებით, ჩანაწერს საქმესთან შემხებლობა არ აქვს.

გიგი უგულავას 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას სწორედ ამ საქმეზე შეუჩერა თბილისის საქალაქო სასამართლომ მერის უფლებამოსილება და აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

 

კომენტარები