უგულავას საქმე

პროკურატურამ უგულავას საქმეს მისი შვილთან სატელეფონო მიმოწერა დაურთო

ტაბულა

”პროკურატურამ ჩემს საქმეს, რომელიც ხვალ იწყება, ჩემს საკუთარ ქალიშვილთან ჩემი საუბრის ჩანაწერი დაურთო”,- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე გიგი უგულავა აცხადებს. მისი თქმით, ამ საუბარს არანაირ საქმესთან არანაირი არსებითი შემხებლობა არ აქვს. „მაგრამ არის წარმოდგენილი პროკურატურის მიერ იმ მასალებში, რომელიც მხარეებს გადმოეცა“,-აღნიშნა უგულავამ.

გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და საკუთარ შვილთან საუბრის ამონარიდი წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით, პროკურატურამ უგულავას საქმეს დაურთო. ჩანაწერში იგი შვილს შეხვედრას უთანხმებს. 

როგორც უგულავა ამბობს, პრივატული საუბრის გამოქვეყნება უზნეობაა. უგულავა პროკურატურისგან იმის ახსნას ითხოვს, თუ რა კავშირშია ეს ჩანაწერი მიმდინარე გამოძიებასთან.

”ეს არის მარაზმი  და აჩვენებს  ივანიშვილის და ღარიბაშვილის რეალურ სახეს.  ყოველთვის არსებობდა ეჭვი ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ის მანიაკალუარდ ჰყვარობდა სხვისი საუბრების მოსმენას და ამის სამწუხარო  მაგალითი აგერ გვაქვს”,-აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, პროკურატურამ ასევე  გიგი უგულავასა და გარდაცვლილი რეზო ადამიას შორის მიმოწერა ამოიღო.

”მეორე - სრულიად აღმაშფოთებელი და გაუგებარი რამე ასევე დევს საქმეში. ესაა ჩემი მიმოწერა  განსვენებულ რეზო ადამიასთან. ეს ადამიანი 2 დღის წინ მივაბარეთ მიწას. საქმე ეხება ჩემს და მის sms მიმოწერას. ბატონი რეზო იყო გუდაურის დამაარსებელი წლების წინ. მას და მის ბევრ  მეგობარს  ერთად ჰქონდათ მიწა კანონიერ საკუთრებაში და როცა გუდაურის ფონდის განვითარებით გუდაურის განვითარება დავიწყეთ 2 წლის წინ, მან და მისმა მეგობრებმა ფონდს გადმოსცეს მათი კუთვნილი მიწა. ნაწილი გამოყენებული იქნა საბაგიროების და სხვა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, ის ნაწილი რომელიც თავისუფალი დარჩა უნდა დაბრუნებულიყო უკან მათ კანონიერ სარგებლობაში. მერე ბიუროკრატიაში  გაიჭედა ეს ყველაფერი და რეზოც მთხოვს  დახმარებას ამასთან დაკავშირებით”,-განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ეს მიმოწერა პროკურატურას  იმის დასადასტურებლად სჭირდება, რომ მერიას ისევ უგულავა მართავს.

”იმ უტვინო ადამიანის საყურადღებოდ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო - ეს პრობლემა გაჩხერილი იყო არა მერიაში, არამედ ეკონომიკის სამინისტროში, რომელსაც არასდროს არ ვმართავდი. თუ არ ვცდები, დასრულდა ეს საქმე და  დაუბრუნდათ კანონიერ საკუთრებაში ეს მიწა და ეს პრობლემა მგონი, მოგვარებულია. თუ არ არის მოგვარებული, მე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პირადად მინდა ვთხოვო, ეს საქმე დაამთავროს, იმიტომ რომ ყველანი ამ ადამიანის წინაშე ვალში ვართ.

სულ მერიის საქმე რომ ყოფილიყო, მომაკვდავი ადამიანისთვის მეთქვა, რომ იცი  უფლებამოსილება შემიჩერდა და ვერ დაგეხმარები? ვაღიარებ, რომ ვეხმარებოდი და დავეხმარები კიდეც, სადამდეც შემეძლება. ციხეში კი არა, ციმბირში წავალ, ესეთი რამეები არ იკადროთ ოღონდ! რა კავშირი აქვს საქმესთან ჩემს საუბარს ტასოსთან. ამ საკითხს ხვალ დავაყენებთ სასამართლო პროცესზე. ეს არის სამართლიანობის აღდგენა?! ეს არის სამართლიანობის აღდგენა ივანიშვილის ვერსიით!", -აცხადებს უგულავა. 

გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა 2013 წლის 22 დეკემბერს, გვიან ღამით, ზეპირი მოსმენის გარეშე შეუჩერა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება და პატიმრობა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ უგულავას მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერა და გირაო, 50 000 ლარი დააკისრა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები