უგულავას საქმე

უგულავას ადვოკატი: პრეზიდენტს უგულავას გათავისუფლების შესახებ განცხადებით მივმართეთ

გიგი უგულავამ და მისმა ადვოკატმა საქართველოს პრეზიდენტს გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართეს.

ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება. 

ბასილაია ამბობს, რომ მათ ყველა წესის დაცვით მიმართეს პრეზიდენტს და ახლა მის გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

გთავაზობთ გიგი უგულავას განცხადებას რომლითაც მისმა ადვოკატმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

"საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება. რომლის მიხედვითაც - „განსხვავევების მიუხედავად, მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.“. ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთად აღიქვამს, რიგი პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის ჩემს პატიმრობას. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევამდე, მე მივმართე საზოგადოებასა და ჩემს კოლეგებს ოპოზიციაში, რომ ჩემი პატიმრობა არ გამხდარიყო ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღწევის გზაზე. ფაქტია რომ სიტუაციის საბოლოო განმუხტვას სჭირდება იმ პირების გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. ეს ჩემთვის გარდა პერსონალურისა, საზოგადოებრივი საკითხია. აქ არ წყდება ერთი ადამიანის, მათ შორის თუნდაც ჩემი, ციხეში ყოფნის საკითხი. უკვე აღწერილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე მინდა მოგმართოთ რომ განიხილოთ ჩემი გათავისუფლების საკითხი თქვენთვის საქართველოს კონსტიტუციის მიერ მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში."

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. ოპოზიცია ამბობს, შეთანხმებისას კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე იყო საუბარი და ამ პირობის შესრულების გარეშე შეთანხმება ჩაიშლება. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ შეხვედრაზე კონკრეტულ გავრებზე არ ყოფილა საუბარი და შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის.

8 მარტს, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე რომ ისაუბრეს ადასტურებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტში საუბარია პრეზიდენტის როლზეც ამ შეთახმების შესრულებაში.

"ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს."

გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისკენ მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტარები.

11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა, რომელიც 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ ორმხრივ შეთანხმებას ეხება. 

"თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მოგიწოდებთ, განახორციელოთ თქვენი ლეგიტიმური კონსტიტუციური უფლებამოსილება, კონკრეტულად ბატონ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომლის გათავისუფლებაც საერთო შეთანხმების შესრულების ტესტად განიხილება." - წერია ევროპარლამენტარების წერილში.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის დადებულ შეთანხმებას გამოეხმაურა სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში.

ჯიმ რიში წერს, რომ ის ელის პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერად გათავისუფლებას.

 

კომენტარები