უგულავას საქმე

გიგი უგულავას საქმეზე საქალაქო სასამართლოში ხათუნა გოგორიშვილს და გოკა გაბაშვილს კითხავენ

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას საქმეზე საქალაქო სასამართლოში ხათუნა გოგორიშვილს და გოკა გაბაშვილს კითხავენ. 

საქმე ეხება 2014 წლის 5 ივნისს მარნეულში მომხდარ ფაქტს, სადაც მაშინდელი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გამგებლის პოსტზე აჰმედ იმამკულიევს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა. გიგი უგულავა და პარტიის სხვა ლიდერები სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 3 ივლისს, სწორედ ამ საქმეზე დააკავეს. ის კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს. უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიდიოდა. ის უკან დაბრუნებას საღამოსვე აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.

გიგი უგულავას ადვოკარი ბექა ბასიალაია ამბობს, რომ უგულავა მაშინ უკანონოდ დააკავეს და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებები აბსურდული იყო. 

"2014 წელს გიგი უგულავა სრულიად უკანონოდ დააკავეს, ამ საქმის განხილვა დღემდე გრძელდება. დღეს იხილება მარნეულის ეპიზოდი, რომელიც შეეხებოდა მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას, აჰმედ იმამკულიევის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, რასაც მოჰყვა პოლიტიკური პროტესტი და ამ პროტესტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, აქტივისტები და ასევე გიგი უგულავა. რის გამოც, 2014 წელს თითქოსდა სადამსჯელო ოპერაცია განახორციელეს მის წინააღმდეგ და დააკავეს. ამ საქმეზე იკითხება დღეს ხათუნა გოგორიშვილი და გოკა გაბაშვილი, რომელბიც სასამართლოს მიაწვდიან ინფორმაციას იმ ობიექტური სურათის შესაქმენალდ, რასაც მარნეულში ადგილი ჰქონდა. უგულავას ედავებიან იძულებას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, რაც აბსურდული ბრალდებებია, ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური პროტესტი," - ამბობს ბასიალაია. 

აჰმედ იმამკულიევის თქმით, კი, 2014 წლიდან დაწყებული ბრძოლა მარნეულში დღემდე გრძელდება.

"მთელმა საქართველომ დაინახა, რომ 2014 წელს გვებრძოდნენ ჩვენ და დღესაც გვებრძვიან. ამის მიუხედავად, ჩვენს ბრძოლას ვაგრძელებთ ოლიგარქის წინააღმდეგ. 2014 წელს მოსახლეობას ერთხელ უკვე დავპირდი, რომ აუცილებლად მარნეულიდან დავიწყებთ ოლიგარქის დამარცხებას და ეს იქნება 2019 წლის მაისიდან. მარნეულში არანაირი შანსი არ აქვს "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებში მოიგოს, ან უკანონობა გააკეთოს, ამის საშუალებას არავის მივცემთ. სამწუხაროდ, დარღვევები არის, მოსახლეობაზე ზეწოლა დღესაც მიმდინარეობა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენი საქართველოს მოსახლეობის ხმები დავიცვათ და ოლოგარქი დავამარცხოთ," - ამბობს იმამკულიევი. 

მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით, უგულავას ბრალი წაყენებული აქვს იძულების (სსკ 150-ე) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების (სსკ 225-ე) მუხლებით.

კომენტარები