საგარეო პოლიტიკა

ფანჯიკიძე: საქართველო მახეში გაება, უკრაინას ამის თავიდან არიდება შეუძლია

radiotavisupleba.ge

საქართველო რუსეთის მახეში გაება, უკრაინას კი ამის თავიდან არიდება ჯერ კიდევ შეუძლია. ასეთი სათაურით აქვეყნებს მაია ფანჯიკიძესთან ინტერვიუს გამოცემა Tribune de Genève. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში არსებული ვითარება 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეადარა. მაია ფანჯიკიძის თქმით, რუსეთს აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაცია დაგეგმილი ჰქონდა და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება მოსკოვის ამ მახეში გაება; უკრაინამ კი, ასეთი შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს და კრიზისი მშვიდობიანად, შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერით გადაჭრას.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ევროპელებს ხშირად ადანაშაულებენ რომ საკმარისი არ გააკეთეს საქართველოსა და უკრაინისთვის, ფანჯიკიძე პასუხობს, რომ საქართველომ თავად მოინდომა დასავლეთში გაწევრიანება. ამიტომ, ერთადერთი რამ რასაც ისურვებდა, არის ის, რომ დასავლეთს რუსეთისთვის აეხსნა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია მოსკოვს საფრთხეს არ შეუქმნის.

„მნიშვნელოვანია, რომ დისკუსია კვლავ გაგრძელდეს, რადგან მათ ალტერნატივა არ აქვთ. დანარჩენს ისტორია გვაჩვენებს. კრიზისის გადაჭრას შესაძლოა კიდევ 10, 20 ან 30 წელი დასჭირდეს.
იმედია პუტინი მიხვდება, რომ ძლიერი და დემოკრატიული ქვეყანა რუსეთისთვის უკეთესი იქნება. ყოველთვის კარგია, როდესაც მეზობლად ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გყავს, რომელიც შენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აი მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბალტიისპირეთის ქვეყნები. მათ ყველაზე დაცული საზღვრები აქვთ", - აცხადებს მინისტრი გამოცემასთან საუბრისას.

კომენტარები