კეზერაშვილის საქმე

კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას 7.4 მილიონი აშშ დოლარი დაუყადაღეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა კომპანია INFINITY CAPITAL VENTURES-ს მონაკოში განთავსებულ ანგარიშზე 7.4 მილიონი აშშ დოლარის დაყადაღების შესახებ. ადვოკატ შოთა მინდელის თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი  ამ კომპანიის მხოლოდ განმკარგველ-ბენეფიციარი იყო. პროცესზე პროკურატურას არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ კომპანიის მესაკუთრე დავით კეზერაშვილია.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო კონტრაბანდული გზით სპირტის რეალიზაციის საქმეზე დავით კეზერაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულებულთა საქმეს განიხილავდა. პროკურატურამ წინა სხდომაზე სასამართლოს წინაშე დაყადაღების შესახებ შუამდგომლობა დააყენა.

დღეს დაცვის მხარის პოზიციის მოსმენა იგეგმებოდა, თუმცა, შოთა მინდელის თქმით, სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 7.4 მილიონი ლარის დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, იმ საქმის წარმოებისას მიიღო, რომელზეც კეზერაშვილი ბრალდებულად ცნობილი არ არის. ამიტომ, დაცვის მხარეს პოზიციის გამოთქმის საშუალება არ მიეცა.

მეორე საქმე ანალოგიურ ეპიზოდს წარმოადგენს, თუმცა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას საქმე ორ ნაწილად გაიყო. მეორე ეპიზოდში,  სხვა იურიდიული პირების ხელმძღვანელების საკითხს განიხილავენ.

პროკურორის განმარტებით, მართალია,  გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე დავით კეზერაშვილი ბრალდებული არ არის, მაგრამ დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობა ყადაღის დადების საშუალებას იძლევა.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

კომენტარები