უკანონო მოსმენები

ჭიკაიძე: მოქალაქეებს უკანონოდ არ უსმენენ

ალექსანდრე ჭიკაიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მტკიცებით, მოქალაქეებს უკანონოდ არ უსმენენ. ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სახალხო დამცველის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება შეაფასა და განაცხადა, რომ მოქალაქეების უფლებები არ იზღუდება.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკანონოდ არაფერი ხდება. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობს. არ იზღუდება მათი უფლებები. პირიქით, ხშირ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ადამიანის უფლებათა, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დამცველი და ეს საფუძველი ნამდვილად არ გააჩნიათ. არ მინდა ჩავუღრმავდე ამას, მაგრამ როცა რეალური საფუძვლები იყო, რატომღაც მაშინ დუმდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც დღეს ამის შესახებ აქტიურად მუსირებენ", - თქვა ჭიკაიძემ.

მისივე თქმით, ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული საკითხის დასარეგულირებლად კონსულტაციები მიმდინარეობს.

"შევჯერდებით იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც", - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს თქვა, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკითხი დასარეგულირებელია.

”ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ბერკეტი, რომ ათასობით ადამიანს მოუსმინოს, თუმცა რამდენად გამოიყენება პრაქტიკაში, მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს”, - აღნიშნა ომბუდსმენმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ჩარჩოა შესაქმნელი - გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში, რომელიც დაარეგულირებს და იქნება ზუსტად გაწერილი, თუ ვის ევალება და რა შემთხვევაში შეუძლიათ  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ფარული მიყურადება.

ამასთან, უკანონო მოსმენების წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა კამპანია "ეს შენ გეხება" დაიწყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, სამოქალაქო ინიციატივის მოთხოვნაა, არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლა საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით.

კომენტარები