უკრაინის კრიზისი

ყირიმელმა სეპარატისტებმა რუსეთში შესვლის „პრინციპული გადაწყვეტილება“ მიიღეს

ყირიმის პარლამენტმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „პრინციპული გადაწყვეტილება" მიიღო. ამის შესახებ რუსული სააგენტოები ყირიმის პარლამენტის პრესცენტრზე დაყრდნობით იუწყებიან. მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ კიევში „ანტიკონსტიტუციური გადატრიალების" შემდეგ, უკრაინაში ლეგიტიმური ხელსუფლების არარსებობის გამო, ყირიმმა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ფედერაციის სუბიექტის სტატუსით შესვლა გადაწყვიტა.

რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ყირიმის პარლამენტმა 16 მარტისთვის დანიშნა. მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, ავტონომიის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი 30 მარტს უნდა გამართულიყო.

ამჟამად ყირიმის ავტონომიური ოლქი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ, რასაც ოფიციალური მოსკოვი უარყოფს. რუს სამხედროებს განმასხვავებელი ნიშნების გარეშე დაკავებული აქვთ ნახევარკუნძულის სტრატეგიული ობიექტები და ბლოკირებული აქვთ უკრაინული სამხედრო ნაწილები.

კომენტარები