პრემიერის ვიზიტი აშშ-ში

ღარიბაშვილის გამოსვლა კოლუმბიის უნივერსიტეტში

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციაზე, ხელისუფლების მიღწევებზე, რეფორმებსა და რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

”შეშფოთებული ვარ უკრაინაში მომხდარი მოვლენების გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. უკრაინელმა ხალმა გამოთქვა სურვილი, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ნებისმიერ ფასად დაცული უნდა იყოს.

ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და NATO-ს მხარდაჭერას. ჩვენ გავატარეთ რეფორმები, რათა გაგვეძლიერებინა დემოკრატიული ფასეულობები და ეკონომიკური თავისუფლება.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო მკაფიო დემონსტრირება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების, 80%-ზე მეტმა ხმა მისცა იმ კანდიდატებს, რომლებიც საქართველოს NATO-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციას მხარს უჭერდა.

ჩვენ გავატარეთ პოლიტიკური, ეკონომიკური, კონსტიტუციური, სასამართლო რეფორმები, რათა გაგვეძლიერებინა დემოკრატია ქვეყანაში. მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, სასამართლო დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი კეთილდღეობა. ასევე პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
შემდეგი NATO-ს სამიტი საქართველოსთვის არის კარგი შესაძლებლობა, ადეკვატურად დააფიქსიროს ჩვენი ხელისუფლების პროგრესი.

ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიღწევა 2012 და 2013 წლების არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებაა.

ასევე მიღწევაა კონსტიტუციური რეფორმა. ამის შემდეგ სასამართლო გახდა დამოუკიდებელი და ხალხისგან პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა.

ჩვენ ვაჩვენეთ პროგრესი, რომ უზრუნველგვეყო თავისუფალი და ღია ეკონომიკური გარემო. ვიწყებთ რეფორმებს, რათა შევქმნათ შესაძლებლობები შიდა და საერთაშორისო ბიზნესისთვის”, - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე თქვა, რომ რუსეთისგან ზეწოლის გაზრდაა მოსალოდნელი.

”როდესაც ქვეყანა ისწრაფვის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციისკენ, რუსეთი კვლავ გამოწვევად რჩება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო ეძებს მშვიდობიან გადაწყვეტილებას და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. რუსეთის მოქალაქეებისთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმი შემოვიღეთ. ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის ვცადეთ თანამშრომლობისთვის სხვადასხვა გზების ძიება, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობაზე ზიანის მიყენების გარეშე. რუსეთის ბაზარზე გავიტანეთ ქართული პროდუქცია, გავაუმჯობესეთ სატრანსპორტო მიმოსვლა, გავაუმჯობესეთ ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები, მონაწილეობა მივიღეთ სოჭის ოლიმპიადაში. თუმცა, მიუხედავად ჩვენი პროგრესული, მშვიდობიანი ქმედებებისა და კონსტრუქციული პოლიტიკისა, მოსკოვი კვლავ განაგრძობს პროვოკაციულ და დამანგრეველ ქმედებებს, როგორიცაა მავთულხლართების მონტაჟი ოკუპაციის ხაზის გასწვრივ. ეს პროცესი 2 დღის წინ განახლდა, როგორც კი დასრულდა სოჭის ოლიმპიადა. ასევე ველოდებით რუსეთისგან ზეწოლის გაზრდას საქართველოზე.

თუმცა, ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა დიალოგის გარდა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროკავშირთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობარ ერებთან, რათა თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გაუარესება.

საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არ იქნება სარგებელი მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გაზრდის უსაფრთხოებას მთელ რეგიონში. ასევე, ტრანსპორტირებისთვის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და ენერგეტიკული ცენტრი ჩვენს პარტნიორებს გრძელვადიან ეკონომიკურ სარგებელს მისცემს”, - თქვა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები