პრემიერის ვიზიტი აშშ-ში

ღარიბაშვილი: მტკიცედ გადავწყვიტეთ, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას

Reuters

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა როიტერთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. 

”მივიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება, ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ამავე დროს, ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას და კონსტრუქციული პოლიტიკის დამყარებას. ჩვენ გვჭირდება, ვიპოვოთ ბალანსი, როგორ დავაბალანსოთ ეს. უნდა დავარწმუნოთ რუსეთის ხელისუფლება, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია რუსების ინტერესებთან კონფლიქტში არ მოდის. ეს ჩვენი მისიაა.

მე გავიზარდე საბჭოთა პერიოდში. როდესაც პატარა ვიყავი, საბჭოთა კავშირი დაიშალა. მახსოვს ის რთული პერიოდი. ჩვენ არ გვქონდა ელექტროენერგია, არ გვქონდა გაზი და გაკვეთილებს სანთლის შუქზე ვსწავლობდი, ამიტომაც სრულყოფილად მახსოვს ის რთული მომენტები და წარსულის დაბრუნება არ მინდა”, - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს მოვლენები მთელ რეგიონზე იქონიებს გავლენას.

”რა თქმა უნდა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ექნება გავლენა მთელ რეგიონზე და ამიტომაც ვართ შეშფოთებული. პირველ რიგში, უკრაინა საქართველოსთვის ძალიან ახლო ქვეყანაა. უკრაინა პარტნიორი ქვეყანაა და ჩვენ დიდი ისტორია გვაქვს. მაშასადამე, ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ბოლო მოვლენებით. ჩვენ ვნახეთ შემაშფოთებელი ნიშნები ყირიმში და განცხადებები. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას ყურადღებით”, - თქვა პრემიერმა როიტერთან ინტერვიუში.

ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინა თავის ევროპულ არჩევანს დაუბრუნდება.

 

 

კომენტარები