დავით კეზერაშვილის საქმე

წულუკიანი: პროკურატურა იმუშავებს, რომ კეზერაშვილი ჩამოაბრძანონ ქვეყანაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის შესახებ შეაფასა. მისი თქმით, ფრანგი მოსამართლე უთანასწორო პირობების წინაშე აღმოჩნდა.

"ეს გადაწყვეტილება არის ცინცხალი, ჯერ არ არის ოფიციალურად გამოცემული, რომ მოტივაციას გავეცნო, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ არის უარი. ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე, როგორიც იყო, ერთ მხარეს, კეზერაშვილის ძვირადღირებული ადვოკატი და მეორე მხარეს, ფრანგი პროკურორი, რომელმაც, როგორც ჩანს, ძვირადღირებულ ადვოკატს ღირსეული და სათანადო კონკერენცია ვერ გაუწია. ფრანგ პროკურორს ქართველი სამართალდამცველების სახელით ევალებოდა, დაეცვა ჩვენი ინტერესი. ეს ასე ვერ მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზარაშვილი რაიმეში გაამართლა", - თქვა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურა გააგრძელებს მუშაობას, რომ დავით კეზერაშვილი საქართველოში ჩამოიყვანოს.

"საქართველოში მის წინააღმდეგ ბრალია წაყენებული და ასეც დარჩება. უბრალოდ, მე ვწუხვარ, რომ კეზერაშვილს არ მიეცემა საშუალება, ჩამოსულიყო და აქ გაებათილებინა, თუკი ის ასე თვლის, მის წინააღმდეგ ქართველი პროკურორების მიერ წაყენებული ბრალდებები. ყოველ შემთხვევაში, ამით ჩვენი სამუშაო ამოწურული არ არის. მე ვიცი, რომ პროკურატურა აგრძელებს და გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ დღეს თუ არა ხვალ, ბატონი იქნას ჩამობრძანებული ქვეყანაში, იმისთვის, რომ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას", - თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ექს-ან პროვანსის სასამართლომ კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

დავით კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით 15 ოქტომბერს საფრანგეთში დააკავეს, როცა ის ნიცის აეროპორტიდან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიემგზავრებოდა. 2 თებერვალს კი საფრანგეთის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. საქართველოში დავით კეზერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 2 საქმეზე აქვს წაყენებული, რომელთა განხილვაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროკურატურა მას ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ედავება. ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეზე კი, კეზერაშვილი გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

კომენტარები