დავით კეზერაშვილის საქმე

კეზერაშვილი: ფრანგული სასამართლოს მიერ ჩემს ექსტრადირებაზე უარს ველოდებოდი

დავით კეზერაშვილის განცხადებით, ფრანგული სასამართლოს მიერ საქართველოში მის ექსტრადირებაზე უარს ელოდა. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასამართლოს დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ველოდებოდი ამას, რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთის სასამართლომ. ორივე საქმე ჩემს წინააღმდეგ იყო აბსოლუტურად ხელოვნური“, - აღნიშნა კეზერაშვილმა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჰკითხეს, სასამართლომ ჩათვალა თუ არა, რომ მის წინააღმდეგ საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული, კეზერაშვილმა უპასუხა - „რა თქმა უნდა“.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, როგორც მისთვის არის ცნობილი, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ მას თავისუფლად გადაადგილება შეუძლია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ „ამას მოიფიქრებს“.

ცნობისთვის, საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო.

დავით კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით 15 ოქტომბერს საფრანგეთში დააკავეს, როცა ის ნიცის აეროპორტიდან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიემგზავრებოდა. 2 თებერვალს კი საფრანგეთის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. საქართველოში დავით კეზერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 2 საქმეზე აქვს წაყენებული, რომელთა განხილვაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროკურატურა მას ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ედავება. ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეზე კი, კეზერაშვილი გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

კომენტარები