მავთულხლართების მონტაჟი

ზაქარეიშვილი: გონივრული პოლიტიკით, რუსეთს ბორდერიზაციის მეტი არაფერი დავუტოვეთ

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების მხრიდან მავთულხლართების გავლების განახლება მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, "საქართველოს მთავრობის გონივრულმა პოლიტიკამ რუსეთს ბორდერიზაციის მეტი ვერაფერი დაუტოვა". ზაქარეიშვილის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რამდენად აგრესიულია რუსეთი და ამიტომ, უფრო მონდომებული და მოტივირებულია, რათა მკაფიოდ და ცალსახად დაუჭიროს მხარი საქართველოს. 

"ჩვენ ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა რუსეთს ზემოქმედება განეხორციელებინა საქართველოზე. ბუნებრივია, ოლიმპიადის კონტექსტში ამას არ გააკეთებდა. ალბათ, პირველ რიგში, ეს იქნებოდა სწორედ მავთულხლართების გავლების განახლება. ასეც მოხდა. მეორე დღესვე ვერ მოითმინა რუსეთმა და განაახლა მავთულხლართების მონტაჟი. აშკარაა, რომ მას სხვა რესურსები ძალიან ცოტა დარჩა. ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი უკრაინაში, სხვა ქვეყნებშიც ვნახავთ ალბათ მის ქმედებებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენი მთავრობის გონივრული ნაბიჯები მას ამის საშუალება არ აძლევს. ჩვენი რეაქცია ის არის, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია იმყოფება აშშ-ში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, პირველად საქართველოს ისტორიაში პრემიერს შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტი. საჯაროდაც გაჟღერდა და შიგნითაც იქნებოდა საუბარი რუსეთის მოქმედებებზე და, მათ შორის, მავთულხლართების გავლების განახლებაზე. რამდენიმე დღეში გაიმართება კარასინი-აბაშიძის შეხვედრა, იქაც, ბუნებრივია, ამაზე იქნება საუბარი. საერთაშორისო საზოგადოება კიდევ უფრო ხედავს, რამდენად აგრესიულია, ფაქტობრივად კონტროლი აქვს დაკარგული რუსეთს და ცდილობს შეინარჩუნოს რაღაც თავისი გეოპოლიტიკური გავლენები. ამიტომ, ევროპა აშკარად უფრო მონდომებული და მოტივირებულია, რათა მკაფიოდ და ცალსახად დაუჭიროს მხარი საქართველოს. აშკარაა, რომ ჩვენმა გონივრულმა პოლიტიკამ ბორდერიზაციის მეტი ვერაფერი დაუტოვა რუსეთს. ჩვენ სიმტკიცე უნდა შევინარჩუნოთ. უნდა მივაღწიოთ და ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას. იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ვიზიტის მერე პროგრესი მეტი გვექნება NATO-ში გაწევრიანების მიმართულებითაც. ეს არის ის გამოწვევა, რასაც ქართველმა ხალხმა უნდა გაუძლოს. მთავრობა, ბუნებრივია, მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობა ადგილზე დავტოვოთ, არ გამოვიყვანოთ, არ ვისპეკულანტოთ ადამიანების მძიმე მდგომარეობით და სხვაგან კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა არ შევუქმნათ. ადგილზე შევინარჩუნოთ, შევუქმნათ მათ იქ არსებობის და განვითარების საშუალება, რასაც ვაკეთებთ ამ მიმართულებით. მიუხედავად ოკუპაციისა, რაც წინდაუხედავი ხელისუფლების პოლიტიკის გამო 2008 წლის აგვისტოში დაიწყო, ვმუშაობთ, რომ ოკუპაცია გავაჩეროთ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც დაგვხვდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ქარელის რაიონის სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტები მავთულხლართებს ამონტაჟებენ. აღნიშნული ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში ტაბულას განუცხადეს, რომ მიტაცებული მიწის ფართობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით კი, მავთულხართების კედლის მონტაჟის შედეგად, ოკუპირებულ მხარეს მოექცა ადგილობრივთა სახნავ-სათესი მიწები. ატოცელები დახმარებას ითხოვენ.

რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი ჯერ კიდევ გასულ წელს განაახლეს, რის შედეგადაც ქარელისა და გორის რაიონში დამატებით კიდევ ათეულობით ჰექტარი მიწა მოაქციეს ოკუპირებულ ზონაში. მავთულხლართების მონტაჟი სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას დროებით შეჩერებული იყო, თუმცა, ოლიმპიადის დახურვისთანავე პროცესი განახლდა.

კომენტარები