მავთულხლართების მონტაჟი

მარგველაშვილი: ჩვენ არჩეული გვაქვს სტრატეგიული მოთმინების კურსი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართულ სოფლებში მავთულხლართების გავლების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი არ აჰყვება ემოციებს, რადგან მთავრობას სტრატეგიული მოთმინების კურსი აქვს აღებული.

"ჩვენ არჩეული გვაქვს სტრატეგიული მოთმინების კურსი და ეს მიგვიყვანს წარმატებამდე. საქართველოში ეს პრობლემა გადაწყდება, მეტი არასდროს წამოეგება პროვოკაციებს. ჩვენ არ დავუშვებთ ემოციურ და სპონტანურ ნაბიჯებს, რამდენადაც არ უნდა გვტკიოდეს დიცი, დვანი, ატოცი და ძალიან გვტკივა, ეს ტკივილი გადატანილი იქნება არა ემოციებში, არამედ რაციონალურ ქმედებებში, ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ დასავლელ პარტნიორებთან" - თქვა მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სოფელ ატოციდან ჩართვისას.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის ფედერაციას და მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ საქართველოს ძირითადი ღირებულება არის კეთილმეზობლობა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დაფუძნებული.

"მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ვინც პატივს სცემს საერთასშორისო სამართალს, ჰუმანურობის პრინციპებს, რომ რაც დღეს ხდება და რისი განახლებაც მოხდა სოჭის ოლიმპიადის დამთავრების მეორე დღესვე, არის გაეროს ფუძემდებლურ სულისკვეთებასთან სრულ წინააღმდეგობაში, ეუთოს ჰელსინკის აქტის ძირითად პუნქტებთან სრულ წინააღმდეგობაში. ნებისმიერ ასეთ კონფლიქტში ყველა პასუხისმგებლიანი ქვეყანა ვალდებულია არა თუ ხელოვნურად შექმნას ბარიერები ადამიანებს შორის, არამედ ხელი შეუწყოს კონფლიქტის დეესკალაციას და მშვიდობიან მოგვარებას. ესაა ის დოკუმენტები, რაზეც რუსეთის ფედერაციას ხელი აქვს მოწერილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არავითარი სტრატეგიული დანიშნულება მავრთულხლართებს არ აქვს. როგორც გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, მავთულხლართებს იმისთვის ავლებენ, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან არ იურთიერთონ. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესების და რეფორმების შემდეგ, "ცხინვალის რეგიონში ჩვენს მოძმეებს უნდათ ჩვენთან ურთიერთობა. ისევ იწყებოდა პიროვნული ურთიერთობების აღდგენა და ამის წინააღმდეგ არის გავლებული ეს მავთულხლართები".

"ასეთი მავთულხლართები იბმებოდა ბევრ ქვეყანაში, ბოლოს ეს იყო ბერლინის კედელი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი ტექნოლოგიებით იყო აგებული და ის ბეტონიც სრულიად კატასტროფულად დაამსხვრია ადამიანების კეთილმა ნებამ. დღეს კეთილი ნება არსებობს საქართველოში, როგორც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ისე ჩვენს თანამოქალაქეებში მავთულხლართების იქეთ და ვერ გააჩერებს მავთულხლართი ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობას" - თქვა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი სოფელ ატოცში იმყოფება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. პრეზიდენტთან ერთად, სოფელში ჩავიდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია. ატოცში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს. მავთულხლართს მიღმა რჩება მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები.

კომენტარები