ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

უგულავა: ქართული ოცნება 20 000-მდე ადამიანის სამსახურიდან გაშვებას აპირებს

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას განცხადებით, ქართული ოცნება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული ადამიანების სამსახურიდან გაშვებას და მათი საკუთარი ნათესავებით და აქტივისტებით ჩანაცვლებას აპირებს. უგულავა საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომელიც პარლამენტმა 2014 წლის 5 თებერვალს მიიღო. 

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით, არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე.

"ეს მუხლი ადამიანურ ენაზე ნიშნავს შემდეგს - ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნება იქ, სადაც გაიმარჯვებს, აპირებს ყველა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებულის, პირდაპირ რომ ვთქვათ, სამსახურიდან გაპანღურებას. თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ეს არის ადამიანის შრომითი უფლებების უხეში დარღვევა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს არის მუხლი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ეს მუხლი და ეს დირექტივა პირდაპირ მოდის საქართველოს მთავრობისგან და კერძოდ, პარტია ქართული ოცნებისგან. ეს მუხლი და ეს ნორმა პირდაპირ კავშირშია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და ვიცეპრემიერ კახა კალაძის ამასწინდელ განცხადებასთან, რომ ვინც კარგად იმუშავებს - ქართული ოცნების აქტივისტები - ისინი დასაქმდებიან და მიიღებენ ჯილდოს დასაქმების სახით. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ასეთი დაპირება არის ჩვეულებრივი მოსყიდვა და თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ყოფილ პრემიერს სწორედ ეს შესაძლო ბრალი წაუყენეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ფაქტია ის, რომ ღარიბაშვილს, კალაძეს და ქართულ ოცნებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, გადაწყვეტილი აქვს 20 000-მდე ადამიანი გააგდოს სამსახურიდან და ჩაანაცვლოს ისინი საკუთარი ნათესავებით, საკუთარი პარტიის აქტივისტებით და აქვე კანონით საზღვრავენ, რომ ამისთვის არის არჩევნებიდან 120 დღე. ანუ ყოველგვარი წესების, კანონების და კონსტიტუციის უგულებელყოფით ყველა ადამაინი გამოცხადდება მოვალეობის შემსრულებლად, მათი დათხოვნა იქნება შესაძლებელი აბსოლუტურად უდრტვინველად და უპრობლემოდ. ამისთვის კანონმა დაგვიწესა ვადა 120 დღე", - აცხადებს გიგი უგულავა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, თვითმმართველობაში დასაქმებულ ყველა ადამიანს მიმართავს.

"მათ აქვთ შესაძლებლობა და ჩვენც - ნაციონალური მოძრაობა და მე პირადად, უზრუნველვყოფთ საკონსტიტუციო სარჩელს იმისთვის, რომ გასავაჩივროთ ეს მუხლი, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და კონსტიტუციურ უფლებასთან, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ პირდაპირი ნიშნით პოლიტიკური დევნა, რომელიც დაგეგმილია ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ეს რომ უკანონოა, ამას სავარაუდოდ პატივცემული პარლამენტის თავმჯდომარეც ხვდებოდა. ეს მუხლი არის პრიმა მუხლი, გარდამავალი და ეხება მხოლოდ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებს ანუ ფიქრობენ - "ერთხელ გავყრით ამ ხალხს, მოვიყვანთ საკუთარ ნათესავებს, დავასაქმებთ. მერე ეს ნორმა აღარ იმუშავებს და საკუთარი ნათესავებით სურს ქართულ ოცნებას გააგრძელოს მუშაობა მერიებსა და გამგეობებში", - აცხადებს უგულავა.

ცნობისთვის, 20 თებერვალს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის წევრებს, აქტივისტებს და მხარდამჭერებს მიმართა. ღარიბაშვილის განცხადებით, პარტია ახალ ეტაპზე გადადის. პრემიერის თქმით, პარტია გააკეთებს ყველაფერს, რომ ის ადამიანები, ვისაც აქვთ განცდა, რომ თავდადება სათანადოდ არ დაუფასდათ, გულნაკლულები არ დარჩნენ. ის მოუწოდებს მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ პარტიის კონფერენციებსა და შეხვედრებში.

ვიცეპრემიერის კახი კალაძის განცხადებით კი, ის ნიჰილიზმი, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერებში დასაქმების კუთხით არსებობს, აღარ იქნება. მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც პარტიის გვერდით ღირსეულად იდგა, განახლების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

კომენტარები