გიორგი ონიანის დაკავება

ენმ: ვვარაუდობთ, რომ ონიანის დაკავება კრიმინალმა ფარცხალაძემ გადაწყვიტა

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის დაკავება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"ონიანის კოლეგების თქმით, უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მათ გააჩნდათ ცნობები იმის თაობაზე, რომ ადამიანებს იბარებდნენ პროკურატურაში და აიძულებდნენ ონიანის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ცნობით, უკვე ექვსი თვეა პროკურატურა ონიანის შევიწროებას ცდილობს, რადგან ადვოკატის რანგში მისი საქმიანობა მიუღებელი აღმოჩნდა პროკურატურისთვის. ხატიაშვილის თქმით, ადვოკატებზე, მათ შორის, გოგა ონიანზე ზეწოლის გამო, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ალდო ბურგარელიმ სპეციალური წერილით საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა და აღნიშნავს, რომ ონიანმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრული ორი საქმე პირწმინდად მოიგო.

"მან გამოააშკარავა აღნიშნულ საქმეებში ორი მთავარი მოწმის (ჯოლოხუა და გორგაძე) სამართალდამცავთა მხრიდან მოტაცების და მათზე ზეწოლის ფაქტები. ონიანმა ასევე ამხილა პირდაპირი კავშირი ანტიდასავლური ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერ ირმა ინაშვილსა და იუსტიციის მინისტრ წულუკიანს შორის, რომელიც პირადად ახორციელებდა ზეწოლას ერთ-ერთ მოწმეზე (მნიშვნელოვანია, რომ წულუკიანის მოწმესთან შეხვედრის შეთანხმების ფაქტი ორივემ - წულუკიანმა და ინაშვილმა დაადასტურეს). ორივე მოწმეზე აშკარა ზეწოლის ფაქტები მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს საქართველოს წამყვანმა არასამთარობო ორგანიზაციებმა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ადვოკატ გოგა ონიანის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნა გამოკვეთილად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და გამოწვეულია მისი წარმატებული საადვოკატო საქმიანობის მიუღებლობით. გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ პოლიტიკური ფიგურის ადვოკატის დაპატიმრების გადაწყვეტილება კრიმინალმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მიიღო, რომელიც არაფორმალურად კვლავაც რჩება საქართველოს მთავარ პროკურორად, რაც კანონის დარღვევაა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკური ანგარიშსწორების უგუნური კამპანია და დაიწყოს საკუთარი საარჩევნო დაპირებების ასრულება - მზარდ უმუშევრობასთან და გაჭირვებასთან ბრძოლა", - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი გუშინ, საკუთარ სახლში დააკავეს. საქართველოს მთავარმა პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ სიყალბეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ასევე განზრახ უკანონო დაკავებას ედავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 25, 341-ე მუხლით და 3691-ის მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები