გიორგი ონიანის დაკავება

პროკურატურა გიორგი ონიანის დაკავების მიზეზს არ აკონკრეტებს

facebook.com/OfficialPOG

მთავარი პროკურატურა ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებას ადასტურებს. უწყებაში არ აკონკრეტებენ ადვოკატის დაკავების მიზეზს, თუმცა, პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თემურ დოლიძის თქმით, ამ საკითხზე, ხვალ, 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი საკუთარ სახლში დააკავეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, ონიანი ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, დაკავებულს ჯერ არ ეუბნებიან, რა ბრალს წაუყენებენ.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, გიორგი ონიანს მისი დაკავების მომენტში ესაუბრა.

"მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ თითქოს მან ვიღაცას წლების წინ ჩაუდო ნარკოტიკი. თუმცაღა არათუ რაიმე მტკიცებულება, ამასთან დაკავშირებით მოწმის ჩვენებაც კი არ გააჩნიათ. ანუ თუ ხარ კარგად მომუშავე ადვოკატი და კრიმინალ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საქმეებს უგებ, თუ მის მიერვე მოწმეთა მოტაცებას ამხელ - საქართველოს მთავრობა დაგიჭერს" - წერს კანდელაკი Facebook-ის პირად გვერდზე.

 

კომენტარები