ვითარება უკრაინაში

არჩევნებამდე, უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობას ალექსანდრ ტურჩინოვი შეასრულებს

www.kyivpost.com

უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შესრულება პარლამენტის სპიკერს ალექსანდრ ტურჩინოვს დააკისრა. რადას გადაწყვეტილებით, ტურჩინოვი პრეზიდენტის მოვალეობას 25 მაისის არჩევნებამდე შეასრულებს.

დღესვე, უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის მეჟიგორიის საპრეზიდენტო რეზიდენცია სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარა. 

ამასთან, გუშინ უკრაინის უმაღლესმა რადამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის 25 მაისს დანიშნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა 328 დეპუტატმა დაუჭირა.  #4193 დადგენილებით კი, რადამ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადააყენა. ამ დროისთვის უცნობია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ადგილსამყოფელი.

გუშინვე, უკრაინის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც იულია ტიმოშენკო თავისუფალია. 331 დეპუტატიდან 322-მა ინიციატივას მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს უკრაინის სასამართლომ ტიმოშენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზად კი 2009 წელს რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმებისას, უფლებამოსილების გადამეტება დაასახელა. დასავლეთი ვიქტორ იანუკოვიჩს ტიმოშენკოს განთავისუფლებას სთხოვდა. ევროგაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ ექსპრემიერის ციხიდან გამოშვება იყო.

უკრაინაში 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად, 88 ადამიანია დაღუპული. პროტესტის მონაწილეებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკების შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები