ევროპის ერთა თასი 2014

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 36:10 დაამარცხა

sportall.ambebi.ge

22 თებერვალს, ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი, ანგარიშით 36:10 დაამარცხა. 

შეხვედრაში ანგარიში რუსებმა ოტროკოვის ლელოს წყალობით გახსნეს, მაგრამ კვირიკაშვილმა მალევე გაიტანა საჯარიმო დარტყმა, შემდეგ კი ზირაქაშვილის ლელოს მერე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი ასე - ანგარიშით, 10:7 დასრულდა.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც რუსების ჩათვლის ხაზის ახლოს ჩაწოდებული აუტის შემდეგ ბურთს ჯაბა ბრეგაძე დაეუფლა, ვიქტორ კოლელიშვილს გადააწოდა, რომელსაც ლელოს დადება არ გასჭირვებია. გარდასახვა კვირიკაშვილმა კვლავაც ზუსტად შეასრულა - 17:7. 52-ე წუთზე ლელო უკვე მამუკა გორგოძემ გაიტანა, 71-ზე კი თედო ზიბზიბაზემ. კვირიკაშვილმა გარდასახვა მხოლოდ პირველ შემთხვევაში  გაიტანა, შუალედში კი კუშნარიოვის ზუსტი საჯარიმო დარტყმა იყო და ანგარიში 29:10 გახდა.  უკვე მატჩის ბოლო წუთზე ქართველი რაგბისტების რამდენიმეფაზიანი მიძალების შემდეგ, მსაჯმა ბორჯღალოსნების სასარგებლოდ ტექნიკური ლელო დააფიქსირა. კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვის წყალობით საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 36:10 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება გაინაღდა.

კომენტარები