შეტაკებები უკრაინაში

შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილია

უკრაინის პრეზიდენტმა და ოპოზიციამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც უკრაინაში კრიზისი უნდა დაძლიოს და ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას. ინფორმაციას ოპოზიციონერ დეპუტატებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ შეთანხმებას ხელი მალე მოეწერებოდა.

"სადაცაა ხელს მოვაწერთ შეთანხმებას. ეს არის კარგი კომპრომისი უკრაინისთვის, რომელიც იძლევა მშვიდობის შანსს და უკრაინას უხსნის გზას რეფორმებისა და ევროპისკენ. პოლონეთი და ევროკავშირი მხარს უჭერენ ამ შეთანხმებას", - წერს სიკორსკი.

პრეზიდენტის რეზიდენციაში სტუმრობამდე ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს ევრომაიდნელებთან და მათგან მიიღეს შეთანხმებაზე ხელმოწერის თანხმობა.

ბოლო ინფორმაციით, 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად, კიევში, სულ მცირე, 77 ადამიანია მოკლული.

დღეს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და შეიცვალოს უკრაინის კონსტიტუცია. დამატებითი ინფორმაცია შეთანხმების შესახებ მოგვიანებით გავრცელდება.

კომენტარები