პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

მარგველაშვილი: ევროპელი ლიდერების ჩართულობა მიიყვანს უკრაინას კონსენსუსამდე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში უკრაინის საკითხით დაიწყო. მისი თქმით, პროცესში ევროპელი ლიდერების აქტიური ჩართულობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწიონ და პრობლემა მშვიდობიანად გადაწყდეს.

"ეს პროცესი დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ უკრაინის ხელისუფლებას გაეღრმავებინა პოლიტიკური დიალოგი, მოხდა ძალადობის გამოყენება. უკრაინის ხელისუფლებას უნდა ეხმარა ყველა ღონე იმისთვის, რომ საზოგადოება გაეერთიანებინა და არ დაეპირისპირებინა ერთმანეთთან.

გუშინაც მე მოვუწოდებდი პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ძალიან გადამწყვეტი პოლიტიკური, და არა ძალადობრივი, ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, იმისთვის, რომ დაიცვას მთავარი, რაც უნდა დაიცვას უმაღლესმა ხელისუფალმა - ერთდროულად თითოეული ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლე და ამავე დროს ქვეყნის მთლიანობა და ერთიანობა.

მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის დაკარგული. ევროპელი ლიდერების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ მიღწეულ იქნას პოლიტიკური კონსენსუსი, ევროპელი ლიდერების თაოსნობით წამოწყებულ პროცესებმა მიიყვანოს უკრაინის საზოგადოება ამ პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტამდე." - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

უკრაინაში დაღუპულებს პარლამენტის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

კომენტარები