პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

ბოკერია: პატივცემულო ივანიშვილის გუნდო, ევროპა რეგულაცია კი არა, თავისუფლებაა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდგომ, დეპუტატებს მიმართა.

"მინდოდა, მელაპარაკა პრეზიდენტის გამოსვლაზეც იმიტომ, რომ რაღაცებს დავეთანხმე, რაღაცებს არ დავეთანხმე. არის საკითხები, რომელიც პრეზიდენტმა არ ახსენა, სამწუხაროდ, როგორიცაა პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც ქვეყანაში გვყავს. არის საკითხები, რომლებიც ახსენა, უცნაური ბარათი, ჩემი აზრით, არასერიოზული, უფრო სწორად მანკიერი, რაზეც მინდოდა, რომ ჩემი შეხედულება ვრცლად მეთქვა მისთვის.

მაგრამ მერე გისმინეთ თქვენ, ჩემო პატივცემულო კოლეგებო ქართული ოცნებიდან და კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ყველას, როგორ მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, რომ ეს გუნდი შეარჩია ივანიშვილმა და ჩააბარა მთავრობის კონტროლი. თქვენს ხელშია ის, რაც მოხდება ხვალ და ზეგ. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა.

წლები გადის, აქ იცვლება სახეები, ვიღაცები ძველები რჩებიან - ერთი და იგივე ტექსტი გვესმის ამ ტრიბუნიდან, საკუთარი თავის ქება, წარსული ხელისუფლების ლანძღვა და მეტი არაფერი, ნულოვანი შინაარსი. არც რწმენა გაერთიანებთ ერთმანეთის, არც მომავლის ხედვა, არაფერი გაერთიანებთ საერთოდ, გარდა ხელისუფლებაში ყოფნისა", - თქვა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ გამოსვლისას ქართული ოცნების მმართველობის 5 წელიც შეაჯამა.

"როგორ უნდა შევაჯამოთ თქვენი 5-წლიანი მმართველობა - ესაა გაზრდილი გადასახადები, გაზრდილი სამთავრობო ვალები, გაზრდილი კორუფცია, გაზრდილი კრიმინალი, რუსეთის გაზრდილი გავლენა ჩვენი ქვეყნის შიგნით და ბევრი ოჯახის შემცირებული შემოსავალი, რეალურად მსყიდველობითუნარიანობით შემცირებული პენსია, შემცირებული ეკონომიკური ზრდა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მომავლის შემცირებული რწმენა, ეს არის უმძიმესი განაჩენი, რომელიც თქვენ გამოუტანეთ ამ მომენტში ჩვენს ქვეყანას.

როცა პირად საუბრებში აღიარებთ ხოლმე, რომ საქმე არის ცუდად და აღიარებთ, რომ გაქვთ ძალიან მძიმე მდგომარეობა, მეორე დღეს რომ გთავაზობთ კონკრეტულ ეკონომიკურ ხედვას, განხილვაც არ გინდათ. ახლა, აქ რომ გამოხვალთ ცოტა ხანში რიხიანი სიტყვით, ერთ-ერთმა მაინც გვითხარით, რამდენი მილიონით გემეტებათ, რომ შეამციროთ ბიუროკრატიის ფლანგვა, რომ ადამიანებს შეუმსუბუქოთ ცხოვრება. რამდენ მილიონს გაიმეტებთ, რომ გადასახადები შეამციროთ ან პენსია გაზარდოთ - ნულს, ერთს თუ ორს. ციფრი გვითხარით. რა უნდა მოხდეს, რომ თქვენ გამოფხიზლდეთ - არაფერი, გარდა ამომრჩევლების მიერ გამოტანილი პოლიტიკური განაჩენისა, როცა არჩევნებით გაგისტუმრებთ. მარტო ეგ იქნება თქვენთვის გამოფხიზლება", - თქვა ბოკერიამ.

ბოკერია ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის გამოსვლასაც შეეხო, სადაც მან "ევროპულ საქართველოს" მიმართა.

"და ბოლოს, აქ გამოდიოდა თქვენი გუნდის ახალი ვარსკვლავი - გვითხრა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა. უნდა იცოდეთ, რომ ევროპა არის რეგულაციებიო. არა, პატივცემულო ივანიშვილის გუნდო, ევროპა არის თავისუფლება", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები