შეტაკებები კიევში

შეთანხმების მიუხედავად, კიევში ისევ ისვრიან

კიევის ცენტრში, ინსტიტუტის ქუჩაზე, რომელიც მაიდანს სამთავრობო კვარტალთან აკავშირებს, ამ წუთებში კვლავ ისვრიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს

ჯერ კიდევ გუშინ უკრაინის რადამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავ ორგანოებს აეკრძალათ ანტიტერორისტული ოპერაციის გაგრძელება და იარაღის გამოყენება, შედეგად, სიტუაცია შედარებით დაწყნარდა, რამაც მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევრომაიდნის აქტივისტებმა პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი ინსტიტუტის ქუჩაზე გამაგრებულ მილიციელებს, რომლებიც სამთავრობო კვარტალს იცავენ.

"ინსტიტუტის ქუჩის რაიონში არეულობის მონაწილეებმა ცეცხლი გაუხსნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და შეეცადნენ უკრაინის უმაღლესი რადას მიმართულებით გადაადგილებას. პოლიციამ გახსნა საპასუხო ცეცხლი", - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პარალელურად, უკრაინის რადას ოპოზიციონერი დეპუტატები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რადას შენობასთან იმყოფებიან მილიციელები ავტომატებით, რაც კანონდარღვევაა. ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

უკრაინის დედაქალაქში უახლოეს საათებში ელოდებიან იმ შეთანხმების დეტალების გასაჯაროებას, რომელიც რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ოპოზიციასა და ევროპელ მაღალჩინოსნებს შორის.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, იანუკოვიჩი თანახმაა ვადამდელ არჩევნებსა და კონსტიტუციის ცვლილებაზე, თუმცა, ჯერჯერობით კრიზისის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად კიევში 77 ადამიანია მოკლული, მათ უმრავლესობას კი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მედიასაშუალებების ცნობით კი, დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს.

კომენტარები