შეტაკებები კიევში

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის მთავრობა პუტინის ბრძანებით მოქმედებს

fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხ 1+1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე სისხლიანი მოვლენების მთავარი სცენარისტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პუტინი ისევე ცდილობს უკრაინის დამორჩილებას, როგორც ამას საქართველოს შემთხვევაში ცდილობდა.

"პირველ რიგში, უკრაინის მთავრობა მოქმედებს პირადად ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, მე სხვა მოსაზრება ამ საკითხზე არ გამაჩნია. ამ კვირას პუტინმა იანუკოვიჩს 2 მილიარდი დოლარი მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან იყიდა უფლება სისხლიან დარბევაზე, მოვლენების სისხლიანის სცენარით წარმართვაზე უკრაინის დედაქალაქში. მე ძალიან კარგად ვიცნობ პუტინს და ვიცი, ის რაზეა წამსვლელი. უკრაინის ხელისუფლებამ მას გადასცა გადაწყვეტილების მიღების უფლება. ამას მოწმობს უკრაინის გენშტაბის უფროსის გადაყენება და ამ პოსტზე იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც პუტინი უფრო ენდობა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებით, რუსეთს არ სურს იხილოს უკრაინა კორუფციის, ძალადობისა და უკანონობის გარეშე. მისივე თქმით, თავისუფალი, დემოკრატიული და განვითარებული უკრაინა რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან როცა რუსები დაინახავენ უკრაინის წარმატებას, პუტინს იგივე საფრთხე დაემუქრება, რაც იანუკოვიჩს.

კომენტარები