შეტაკებები კიევში

მაიდნის დასაცავად ლვოვიდან კიევში მილიციელები ჩავიდნენ

კიევის ცენტრი. 20.02.2014
Reuters

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა იური ლუცენკომ დასავლეთ უკრაინიდან კიევში მაიდნის დასაცავად რამდენიმე ათეული მილიციელი ჩაიყვანა.

როგორც ლუცენკომ ევრომაიდანზე სცენიდან მიმართვისას განაცხადა, "ეს მილიციელები ხალხის მხარეს გადავიდნენ".

მილიციელებს აცვიათ თავიანთი სამსახურებრივი ფორმები და თან აქვთ სამსახურებივი იარაღი.

უკრაინის დედაქალაქში უახლოეს საათებში ელოდებიან იმ შეთანხმების დეტალების გასაჯაროებას, რომელიც რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ოპოზიციასა და ევროპელ მაღალჩინოსნებს შორის.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, იანუკოვიჩი თანახმაა ვადამდელ არჩევნებსა და კონსტიტუციის ცვლილებაზე, თუმცა, ჯერჯერობით კრიზისის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია.

შეხვედრაში მონაწილე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, შეთანხმებას ჯერ საბოლოო სახე არ აქვს მიღებული და შედეგის წინასწარ განსაზღვრა რთულია.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად კიევში 77 ადამიანია მოკლული, მათ უმრავლესობას კი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მედიასაშუალებების ცნობით კი, დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს.

უკრაინის რადამ გასულ ღამეს მიიღო დადგენილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სამართალდამცავ უწყებებს ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტა მოსთხოვა.

 

კომენტარები