შეტაკებები კიევში

ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკებით უკმაყოფილოა და იანუკოვიჩს ულტიმატუმს უყენებს

თუ 22 თებერვლის დილის 10 საათამდე იანუკოვიჩი არ გადადგება, ოპოზიციური ორგანიზაცია მემარჯვენე სექტორი კვლავ იარაღის ხელში აღებით იმუქრება - ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

უკრაინის ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთა უკმაყოფილოა მოლაპარაკების შედეგებით, რომელიც 21 თებერვალს შედგა უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერთა ნაწილს შორის ევროპელ მაღალჩინოსანთა თანდასწრებით.

მოლაპარაკებების ადგილიდან მაიდანზე დაბრუნებულ ოპოზიციონერ ლიდერებს მაიდანი უკმაყოფილო შეძახილებით დახვდა. ერთ-ერთი აქტივისტი სცენაზე აიჭრა და ვიტალი კლიჩკოს მიკროფონი წაართვა, რის შემდეგაც ხალხს მიმართა.

"ჩვენ გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ მივეცით შანსი პოლიტიკოსებს, რომ ისინი გახდნენ მომავალი მინისტრები, პრეზიდენტები, თუმცა, მათ არ უნდათ ერთადერთი რამ - იანუკოვიჩი წაეთრეს!", - განაცხადა აქტივისტმა სცენიდან, რის შემდეგაც წამოაყენა ულტიმატუმი. მაიდანზე შეკრებილებმა მას თანხმობის შეძახილებით უპასუხეს.

მემარჯვენე სექტორის განცხადებით, მთავარი პასუხისმგებლობა მომხდარზე პრეზიდენტ იანუკოვიჩს ეკისრება, რომელიც გადადგომას არ აპირებს. მემარჯვენე სექტორი მაიდანს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. იანუკოვიჩის გადადგომისა და დაპატიმრების გარდა, ისინი შს მინისტრ ვიტალი ზახარჩენკოსა და ბერკუტისთვის ბრძანების მიმცემი პირების დაპატიმრებას ითხოვენ.

პრეზიდენტისა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმების შემდეგ, უკრაინის რადამ 21 თებერვალს არაერთი კანონი მიიღო, მათ შორის აამოქმედა 2004 წლის კონსტიტუცია, გამოაცხადა ამნისტია და ა.შ.

კომენტარები