შსს-ს სტრატეგია

ომბუდსმენი: შსს-ს სტრატეგია ამბიციურია

news.ge

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის სტრატეგია ამბიციურია. როგორც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ნანუაშვილმა განაცხადა, სტრატეგიაში არის მნიშვნელოვანი თემები და ასევე მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სტრატეგია შესრულდეს.

”ზოგადად, სტრაგეგია საკმაოდ ამბიციურია. მე ვფიქრობ, ყველაფერი საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული, მათ შორის - ახალი ინიციატივები”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღეს, სასტუმრო რედისონში შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სტრატეგია შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბერაიამ წარადგინა.

დოკუმენტის თანახმად, "2014 წელს გაგრძელდება სამინისტროს სისტემის რეფორმა, შენარჩუნდება დეპოლიტიზების აღებული კურსი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებების დაცვას, გაიზრდება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხი, დაიხვეწება საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები, დამკვიდრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი, გაუმჯობესდება გენდერული ბალანსი, გაგრძელდება სამართალშემოქმედებითი საქმიანობა".

შსს-ს ცნობით, სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებებია საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დროებითი მოთავსების იზოლატორების ფუნქციონირების გაუმჯობესება, სასაზღვრო უსაფრთხოება, მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა, საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის რეფორმა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული პოლიტიკის განვითარება, ტერორიზმის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის, კორუფციის, ტრეფიკინგისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

კომენტარები