შსს-ს სტრატეგია

შს მინისტრი: ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტი იქნება

ალექსანდრე ჭიკაიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტი იქნება. ამის შესახებ ჭიკაიძემ სასტუმრო რედისონში, შსს-ს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ თქვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრიორიტეტი იქნება ასევე პოლიციის განვითარება და მისი ტექნიკურ-ოპერატიული აღჭურვა. ალექსანდრე ჭიკაიძის თქმითვე, 2014 წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა პოლიციელთა უფრო მაღალ დონეზე გადამზადებას, რადგან მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში ჭეშმარიტად პროფესიონალიზმის ნაკლებობა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სტრატეგია შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბერაიამ წარადგინა.

დოკუმენტის თანახმად, "2014 წელს გაგრძელდება სამინისტროს სისტემის რეფორმა, შენარჩუნდება დეპოლიტიზების აღებული კურსი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებების დაცვას, გაიზრდება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხი, დაიხვეწება საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები, დამკვიდრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი, გაუმჯობესდება გენდერული ბალანსი, გაგრძელდება სამართალშემოქმედებითი საქმიანობა".

შსს-ს ცნობით, სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებებია საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დროებითი მოთავსების იზოლატორების ფუნქციონირების გაუმჯობესება, სასაზღვრო უსაფრთხოება, მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა, საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის რეფორმა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული პოლიტიკის განვითარება, ტერორიზმის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის, კორუფციის, ტრეფიკინგისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

კომენტარები