შეტაკებები უკრაინაში

კიევის მერმა მმართველი პარტია დატოვა და მეტროს ამუშავების ბრძანება გასცა

ვლადიმირ მაკეენკო, კიევის მერი

უკრაინის დედაქალაქის მერმა ვლადიმირ მაკეენკომ მმართველი რეგიონების პარტია დატოვა და კიევში მეტროს ამუშავების ბრძანება გასცა, რომელიც უკვე ორი დღეა გაჩერებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

"მე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო რეგიონების პარტია და ავიღო პირადი პასუხისმგებლობა კიევის სიცოცხლისუნარიანობაზე", - განაცხადა კიევის მერმა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, რადგან ქუჩებში "აგრესიული და შეიარაღებული ხალხი დადის". სამინისტროს განცხადებით, ოფიციალურად, 20 თებერვალს, კიევის ცენტრში 7 ადამიანია მოკლული, თუმცა, მედიასაშუალებები ინფორმაციას გაცილებით მეტი დაღუპულის შესახებ ავრცელებენ.

BBC-ის ცნობით, მხოლოდ დღეს დაღუპულია მინიმუმ 20 ადამიანი, თუმცა, ევრომაიდნის მთავარი ექიმი აცხადებს, რომ სასტუმრო უკრაინის შენობაში 30 დაღუპულის ცხედარია განთავსებული, 1000-მდე აქტივისტი კი დაჭრილია. მოკლულთაგან აბსოლუტურ უმრავლესობას სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიები აქვს მოხვედრილი თავსა და გულის არეში.

სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ვიდეოკადრებს, ცეცხლს როგორ უხსნიან ევრომაიდნის აქტივისტებს.

უკრაინაში გარკვეული მიმართულებებით შეზღუდულია მატარებლების გადაადგილება. შეზღუდვა, ძირითადად, დასავლეთ უკრაინიდან დედაქალაქისკენ მოძრავ ტრანსპორტზე ვრცელდება.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს უკრაინის ელჩი, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა გააცნობს თავის პოზიციას ძალადობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

კომენტარები