შეტაკებები უკრაინაში

ბაროზო: ევროკავშირი უპასუხებს უკრაინაში სიტუაციის ნებისმიერ გაუარესებას

telegraph.co.uk

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ბაროზოს თქმით, ევროკავშირი სიტუაციის ნებისმიერ გაუარესებას უპასუხებს.

"არ არსებობს გარემოება, რომელსაც შეუძლია უკრაინაში განვითარებული მოვლენების ლეგიტიმაცია. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მსხვერპლის გამო. ჩვენ ვგმობთ ძალადობას, როგორც პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზას. უკრაინის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ქვეყანაში. ყველა მხარეს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და დაიწყონ დიალოგი, რაც უკრაინელი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს უპასუხებს.

ევროკავშირი სთავაზობს ორივე მხარეს დახმარებას პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობასა და სიტუაციის დეესკალაციაში. ჩვენ გვჯერა, რომ კონსტიტუციური რეფორმა, ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბება და დემოკრატიული არჩევნებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ერთადერთი გზაა ღრმა და გრძელვადიანი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას რეფორმების გზაზე - დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიმართულებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი შეთავაზება პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ მაგიდაზე რჩება და ეს არ წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანს.

ჯერჯერობით, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირი უპასუხებს სიტუაციის ნებისმიერ გაუარესებას. მაშასადამე, ჩვენ ველოდებით, რომ ძალადობისა და ძალის გამოყენების წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მივიღებთ და ამაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები შევთანხმდებით", - წერია ბაროზოს განცხადებაში.

 

კომენტარები