შეტაკებები უკრაინაში

მარგველაშვილი: მოვუწოდებ იანუკოვიჩს, ძალადობის შესაჩერებლად ყველაფერი გააკეთოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. მარგველაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. მან ვიქტორ იანუკოვიჩს ოპოზიციასთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

"ამ მოვლენების შედეგად, ათობით ადამიანი გარდაიცვალა და ასობით ადამიანი დაიჭრა. მინდა გამოვუცხადო სამძიმარი გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის ზურაბ ხურციას ოჯახს. მიმაჩნია, რომ სიტაუცია კიევში საგანგაშოა. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგას ვიქტორ იანუკოვიჩს, ყველა ძალისხმევა იხმაროს, რათა გააჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ და დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი. ვუერთდები ჩემი კოლეგების, ევროპის ლიდერების პოზიციას, რომ უნდა მოხდეს სიტუაციას დეესკალაცია და ოპოზიციასთან უნდა დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდაზე. ჩვენ მანამდეც, როცა გაგვიკეთებია ამ საკითხების შეფასება, ხაზი გავუსვით იმას, რომ უმაღლეს ხელისუფალთათვის ყველაზე მთავარი ღირებულება არის ადამიანის სიცოცხლე და ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამ ჭრილში გადაწყდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ბოლო ინფორმაციით, 18-19 თებერვლის არეულობის შედეგად, უკრაინაში 25 ადამიანია დაღუპული, მათ შორის, 9 პოლიციელი. სამართალდამცავების გარდა, მძიმედ არიან დაშავებული ევრომაიდნის აქტივისტები.

18-19 თებერვალი უკრაინაში აღმოჩნდა ყველაზე სისხლიანი დღეები 3-თვიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ბრძანებით, 20 თებერვალი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით ოთხშაბათს დაშვებული იქნება სახელმწიფო დროშები, შეწყდება ყველანაირი კულტურული და სპორტული ღონისძიება.

მასობრივი არეულობა კიევში 18 თებერვლის დილას მაშინ დაიწყო, როცა უკრაინის პარლამენტმა ოპოზიციას უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტის რეგისტრაციასა და ყოველგვარ განხილვაზე, რის შემდეგაც რადას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს სასესიო დარბაზის ტრიბუნა და მოახდინეს მისი ბლოკირება. ამის პარალელურად, ევრომაიდნის აქტივისტები დაიძრნენ რადას შენობისკენ საპროტესტო აქციის გასამართად. მათ გზა ბერკუტმა გადაუღობა. ოპოზიციონერი აქტივისტები სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, საპასუხოდ სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიები, ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი.

სამართალდამცავებისა და ოპოზიციონერების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს. დაღუპულებს შორის 1 საქართველოს მოქალაქეა, 1 - "ვესტის" ჟურნალისტი.

უკრაინაში საპროტესტო აქციები 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე რუსეთის ზეწოლის შედეგად უარი თქვა.

კომენტარები