შეტაკებები უკრაინაში

საქართველოს საგარეო უწყება: სასტიკად ვგმობთ უკრაინაში ძალის გამოყენების ფაქტს

უკრაინაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს. საგარეო უწყება ძალის გამოყენების ფაქტს გმობს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

"სასტიკად ვგმობთ ძალის გამოყენების ფაქტს და უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ 18 თებერვალს კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, რომელთა შორის, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეცაა. ის პროცესები, რომლებსაც ამჟამად შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპულ ღირებულებებთან. ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს უკრაინის ხელისუფლებისადმი, რათა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომ მხარეები დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს და ვითარება არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში. ყველა ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატივი სცეს საკუთარი ხალხის არჩევანს და უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათთვის ამ უკიდურესად მძიმე მომენტში და ვთვლით, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი ალტერნატივა არის მშვიდობიანი დიალოგი", - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

უკრაინაში გუშინდელი შეტაკებებისას, ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცავებისა და ოპოზიციონერების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს. დაღუპულებს შორის 1 საქართველოს მოქალაქეა, 1 - "ვესტის" ჟურნალისტი, ასევე დაღუპულია 9 პოლიციელი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ათეული. ბოლო ორი დღის განმავლობაში კიევში ასევე დაშავდა რამდენიმე ასეული ოპოზიციონერი აქტივისტი.

ამასთან, ოპოზიციის მოლაპარაკებები პრეზიდენტ იანუკოვიჩთან უშედეგოდ დასრულდა. უდარის ლიდერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იანუკოვიჩი ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

კომენტარები