ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

კალაძე: 50%-იანი ბარიერი მკვეთრად გაზრდის მერების და გამგებლების ლეგიტიმაციას

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ის მხარს უჭერს პრემიერმინისტრის ინიციატივას საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ეს არის გაბედული და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც აქამდე არ და ვერ შეძლო ვერცერთმა ხელისუფლებამ.

"თვითმმართველ ქალაქებში მერების და მუნიციპალიტეტებში გამგებლების არჩევა მოხდება 50%-იანი ბარიერით, რაც მკვეთრად გაზრდის მერებისა და გამგებლების ლეგიტიმაციას და პასუხისმგებლობას ამომრჩევლების წინაშე. ეს არის დემოკრატიისკენ და ქვეყნის გონივრულად მოწყობისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს არის მოქალაქეების ჩართულობის და მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის კარგი და დროული პრეცედენტი", - წერს ვიცეპრემიერი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურმა გუშინ გაავრცელა განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესახებ, რომელიც საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდას ეხება:

"საქართველოს პრემიერმინისტრი, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერი გაიზარდოს 50%-მდე.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით სწორედ 50%-იანი ბარიერით აირჩევა. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც 50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა შეხვედრა და დაითანხმა კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ღარიბაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობოები პარლამენტისგან ბოლო თვეების განმავლობაში მოითხოვდნენ, რომ საარჩევნო ბარიერი 50%-მდე გაზრდილიყო, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ, ბარიერი 40% ყოფილიყო.

კომენტარები