ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ღარიბაშვილი თანახმაა, თვითმმართველობის არჩევნებში სარჩევნო ბარიერი 50% გახდეს

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესახებ, რომელიც საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდას ეხება:

"საქართველოს პრემიერმინისტრი, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერი გაიზარდოს 50%-მდე.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით სწორედ 50%-იანი ბარიერით აირჩევა. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც 50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა შეხვედრა და დაითანხმა კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ღარიბაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობოები პარლამენტისგან ბოლო თვეების განმავლობაში მოითხოვდნენ, რომ საარჩევნო ბარიერი 50%-მდე გაზრდილიყო, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ, ბარიერი 40% ყოფილიყო.

კომენტარები