ბაჩო ახალაიას საქმე

სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაიას მორიგი გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა და პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, არ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის შემოდგომაზე ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა წამების ნაწილში ბრალდებულად ცნო. ახალაიას, ამნისტიის შედეგად, სასჯელის საბოლოო ზომად მიესაჯა პატიმრობა 3 წლითა და 9 თვის ვადით, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსლების გადამეტების ნაწილში (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი) უდანაშაულოდ ცნო.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაია შეიწყალა, პროკურატურამ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ახალაია უდანაშაულოდ იყო ცნობილი. 2014 წლის 14 თებერვალს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს ე.წ. ვაშლის თლის ეპიზოდთან, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამების ბრალდებებთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე 2013 წლის 31 ოქტომბერს ასევე გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. პროკურატურამ აღნიშნული განაჩენიც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, გადაწყვეტილება ჯერ გამოტანილი არ არის.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებული საქმე 2013 წელს შევიდა. მას ამ საქმეზე სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა 26 ოქტომბერს შეუფარდა. საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილება მიღებული არ აქვს.

ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას მთავარმა პროკურატურამ 2014 წელს კიდევ ერთი ბრალი წაუყენა პატიმართა წამებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. მთავარი პროკურატურის ცნობით, დანაშაული 2006 წელსაა ჩადენილი, როცა ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, მეგის ქარდავა კი მე-7 საპყრობილის დირექტორი. მათ ბრალი წაუყენეს საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.
ბრალდებული ახალაია ყველა წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და თავის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

კომენტარები