უკანონო მოსმენები

კოჟორიძე: სასჯელის გამკაცრება არ არის პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა

კახა კოჟორიძე
timer.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, უკანონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე სასჯელის გამკაცრება პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არ არის. კახა კოჟორიძის აზრით, მთავრობამ უნდა შექმნას პრეცედენტი და დაამკვიდროს პრაქტიკა, რომ აღნიშნული დანაშაულისთვის ადამიანები პასუხისგებაში მიეცნენ.

"კანონის გამკაცრება არ არის მთავარი გადამწყვეტი იმისთვის, რომ არ მოხდეს ასეთი რამ. გადამწყვეტი ის არის, რომ პასუხისმგებლობა გარდაუვლად დადგეს. ხელისუფლებამ თავისი პრაქტიკული საქმიანობით უნდა დანერგოს, რომ მსგავს ქმედებაში დამნაშავე პირი აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში. სასჯელი 4 წელი იქნება თუ 7, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია პასუხისმგებლობის გარდაუვლობა, რაც პრაქტიკამ უნდა დაადგინოს,“ - განაცხადა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში მომავალ კვირას ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. ფარული ვიდეო/აუდიომასალის გამავრცელებელი, სავარაუდოდ, 7-წლიანი პატიმრობით დაისჯება. 

კომენტარები