უკანონო მოსმენები

უკანონოდ ფარული მიყურადებისთვის სასჯელი გამკაცრდება

უკანონო მოსმენებისთვის სასჯელი მკაცრდება. ფარული ვიდეო/აუდიომასალის გამავრცელებელი, სავარაუდოდ, 7-წლიანი პატიმრობით დაისჯება. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. აღნიშნულზე მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განმარტებით, ცვლილებები კოდექსის სამ მუხლში შედის.

"უკანასკნელი წლების განმავლობაში ხდებოდა პირადი და ინტიმური ცხოვრების უკანონო მიყურადება-ჩაწერა, რითაც უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. ამ მიმართულებით კანონის დარღვევა ითვალისწინებდა სამ წლამდე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ცვლილების შემდეგ კი, პასუხისმგებლობა იქნება 7 წელი", - განაცხადა ჭიკაიძემ.

მინისტრის ინფორმაციით, კანონი ყველასთვის თანაბარი სიმკაცრის იქნება.

"თუ ადამიანს ხელში ჩაუვარდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო/აუდიომასალა და საგამოძიებო ორგანოში წარადგენს, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. ხოლო თუ მას სხვა მიზნებისთვის გამოიყენებს, ვინც არ უნდა იყოს იგი - სამართალდამცავი ორგანოს თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, მათი პასუხისმგებლობა დადგება", - აღნიშნა ჭიკაიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა კანონის გამკაცრებას მიესალმება, ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ მიყურადების პრაქტიკა ამით არ აღმოიფხვრება.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანისა და უკანონო მოსმენისთვის სასჯელის გამკაცრების მომხრეა სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილის თქმით, პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. უკანონოდ ფარული მიყურადების შესახებ კანონის გამკაცრებას არასამთავრიობო ორგანიზაციების წარმომადგებლებიც ემხრობიან.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში მომავალ კვირას ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

კომენტარები