საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ თბილისის მერიის ერთადერთი სურვილი ბიუჯეტის ჩაგდებაა. მისი თქმით, ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს მიღებული. შიხიაშვილმა აღნიშნა, რომ მერიიდან მიიღო ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ 10-10%-ით შემცირდეს პროგრამები და ამით დაკმაყოფილდეს საკრებულოს მოთხოვნები.
"იმის მაგივრად, რომ სერიოზულად ემსჯელათ ამ ყველაფერზე, მთლიანად ფარსის ბურუსში შეფუთეს ეს ყველაფერი. თუ 10-10%-ით შესაძლებელი იყო ამის დაკლება, რატომ არ დააკლეს, როცა შემოჰქონდათ ბიუჯეტი და რატომ გაზარდეს ჰაერით, საპნის ბუშტივით მთლიანად თბილისის ბიუჯეტი, თუ ეს შესაძლებელი იყო, ვინ უშლიდათ ხელს. უბრალოდ, ყველაფერზე მიდიან ერთი მარტივი მიზეზის გამო, თბილისელების მიერ შექმნილ ბიუჯეტში უნდათ ხელი აფათურონ. მე სხვა მოსაზრება უკვე აღარ დამრჩენია", - აღნიშნა შიხიაშვილმა.
შიხიაშვილის თქმით, დედაქალაქის მთავრობის მიზანი ბიუჯეტის ხელში ჩაგდებაა და ქალაქის მთავრობა ნდობას არ იმსახურებს.
"რომ იძახიან, მძინარე თბილისს მოპარეს მერი, საიდან მოდის ეს იდეები, არ ვიცი, მაგრამ მერი თვითონ იყო ბიუჯეტის ქურდი, ასეთი ბრალდება აქვს მას წაყენებული და ასეთი ბრალდების მქონე პირის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას, რომელსაც შეუძლია, წლობით ხელი ეფათურებინა ბიუჯეტში და დაეფინანსებინა საკუთარი პარტია, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.
საკრებულოს უმცირესობის წევრმა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილმა ბიუროს წევრებს შესთავაზა, იმსჯელონ თბილისის მერიის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებაზე, რომელიც პროგრამების 10-10%-ით შემცირებას და საკრებულოს უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილი წინადადებების დაფინანსებას ისახავს მიზნად. შოშიაშვილის წინადადებამ ირაკლი შიხიაშვილი გააღიზიანა და მან აღნიშნა, რომ ეს არის არასერიოზული შეთავაზება მერიის მხრიდან და ასეთ ცვლილებას მერია ბიუჯეტში საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ორი საათით ადრე არ უნდა აკეთებდეს.





