ბაჩო ახალაიას საქმე

კოჟორიძე: გია გორგაძესთან დაკავშირებით რამდენიმე გარემოება კითხვებს ბადებს

Medianews

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის შეფასებით, ბაჩო ახალაიას საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე გია გორგაძესთან დაკავშირებით შექმნილი რამდენიმე გარემოება კითხვებს ბადებს.

"ცოტა რთულია ზუსტი ჭეშმარიტების განსაზღვრა, რადგან რა ინფორმაციაც პირველად იქნა გავრცელებული ბაჩო ახალაიას მეუღლის და მისი ადვოკატის მხრიდან გია გორგაძემ უარყო, მაგრამ რამდენიმე გარემოება კითხვებს ბადებს. პირველი კითხვა - ითქვა, რომ ეს ადამიანი მზად იყო ჟურნალისტებთან ესაუბრა იმის შესახებ, რომ პროკურატურა ახდენდა მასზე ზეწოლას. ამ მიზნით მიდიოდა ის ერთ-ერთ პრესკლუბში და სწორედ იქ შესვლის მომენტში იქნა პოლიციელების მიერ დაკავებული. აქ ჩნდება კითხვა, სამართალდამცველებმა იმიტომ ხომ არ გააკეთეს ეს, რომ არ სურდათ გორგაძეს გაემჟღავნებინა ის ინფორმაცია, რაც ბაჩო ახალაიას მეუღლის თანახმად, მას უნდა ეთქვა? მეორე კითხვა, რაც ჩვენ გაგვიჩნდა უკავშირდება თავად დაკავების ფაქტს, თუმცა არ ვიცი, რამდენად იყო ეს დაკავება. ითქვა, რომ გორგაძე მოწმის სახით იქნა დაკავებული, თუმცა მოწმეს ასე არ აკავებენ - ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო თხოვნა, რომ თავად გამოცხადებულიყო უწყებაში. ჟურნალისტებთან შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე წაყვანა ბადებს კითხვებს.

მესამე გარემოება კი, რაც ასევე აჩენს კითხვებს არის ის, რომ გორგაძემ ადვოკატზე უარი განაცხადა. ჩვენი ადვოკატი პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იყო და ითხოვდა ამ ადამიანთან შეხვედრას, ჰქონდა ორდერიც, თუმცა ვერ დამყარდა კომუნიკაცია - არც ტელეფონის ზარებს პასუხობდნენ და არც სხვა ფორმით მოხერხდა დაკავშირება და კომუნიკაცია ვინმესთან. შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გორგაძემ თავად განაცხადა უარი ადგვოკატის დახმარებაზე, ეს ცოტა რთულია, დაიჯერო. მან ადვოკატზე შეიძლება მართლა თქვა უარი, მაგრამ რამდენად მისი ნებით მოხდა ეს, დასადგენია", - თქვა კოჟორიძემ.

კოჟორიძის თქმით, კანომდებლობით, ამ ტიპის საკითხების გამოძიების პრეროგატივა პროკურატურას აქვს, რის კონტექსტშიც უჭირს შეაფასოს, რამდენად შეიძლება ეს უწყება იყოს ობიექტური გამომძიებელი იმ საქმის, რაზეც, შესაძლოა, კითხვები სწორედ მისი მისამართით ისმოდეს.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლე და ადვოკატი ამბობდნენ, რომ გია გორგაძე მათთან მივიდა და განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას ახალ ბრალდებაზე პროკურატურაში მას ჩვენება ახალაიას წინააღმდეგ, ზეწოლით მიაცემინეს. მათივე ინფორმაციით, გორგაძე პრაიმტაიმში ბრიფინგს სწორედ ამ ინფორმაციის გახმაურების მიზნით გეგმავდა. პრაიმტაიმის მიმდებარე ტერიტორიიდან გორგაძე სამართალდამცველებმა პროკურატურაში გადაიყვანეს.

გორგაძესთან დაკავშირებით, გუშინ პროკურატურამაც გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალაიას წინააღმდეგ მოწმე დაკარგული იყო. ოჯახი ეჭვობდა, რომ იგი ახალაიას და მეგის ქარდავას წინააღმდეგ ჩვენებისთვის გაიტაცეს და პროკურატურას მიმართეს, რომ გორგაძე მოეძებნათ. პროკურატურის ინფორმაციით, უწყება გორგაძის გატაცების ვერსიაზე მუშაობს.

გია გორგაძის ძმა 2006 წელს, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა. ამ საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ახალაიას ბრალი აქვს წაყენებული.

კომენტარები