სოჭის ოლიმპიადა

ფანჯიკიძე: იმედია, ოლიმპიადა იქნება სპორტის დღესასწაული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები ჩაივლის მშვიდობიანად და პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებენ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მიიღო რთული გადაწყვეტილება, როდესაც არ გამოუცხადა ბოიკოტი სოჭის ოლიმპიურ თამაშებს.

"საქართველოს მთავრობამ მიიღო მართლაც რთული გადაწყვეტილება. მან ხელი შეუწყო სპორტსმენების გამგზავრებას სოჭში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს თამაშები ჩაივლის მშვიდობიანად და არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. იმედი გვაქვს, რომ იქნება სპორტის დღესასწაული, როგორც ეს უნდა იყოს ნებისმიერი ოლიმპიური თამაშების დროს", - თქვა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, იქ ოფიციალური დელეგაციის რანგში მიიწვიონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ფანჯიკიძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება.

"ოფიციალური ინფორმაცია გადამოწმებულია. ის არ დასტურდება. მსგავსი მოწვევები ოფიციალურად არ არსებობს არც ოლიმპიური კომიტეტის მიერ. იგივე დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ბატონ ზურაბ აბაშიძესთან საუბარში. თუკი მიუხედავად ამისა, მაინც ექნება ადგილი რაიმე სახის პროვოკაციას ამ მიმართულებით, მაშინ საქართველოს მთავრობას ექნება ადეკვატური რეაქცია", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

კომენტარები