გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავა სამართლებრივ ბრძოლას საკონსტიტუციო სასამართლოში აგრძელებს

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისი უფლებამოსილების შეწყვეტას ეხება. უგულავას მოსაზრებით, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის ფორმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა, არაკონსტიტუციურია.

"ამ სარჩელის მიზანი არანაირად არ არის ჩემი სურვილი, რომ მე მერის ოფისში დავბრუნდე, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ხუთიოდ თვეში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა აირჩევს ახალ მერებსა და გამგებლებს. მიზანი ამ სარჩელისა არის გაცილებით ფართო და ის არ დაიყვანება რომელიმე კონკრეტულ პერსონალიამდე და, ბუნებრივია, არც ჩემამდე. კერძოდ, ამ სარჩელით ჩვენ გვინდა დავამსხვრიოთ ის ჩამოყალიბებული სტერეოტიპი და ის ტენდენცია, რომელიც საქალაქო და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ შექმნა. კერძოდ ის, რომ ნებისმიერ მთავრობას, რომელსაც არ მოეწონება ნებისმიერ რაიონში, ან ქალაქში არჩეული გამგებელი და მერი, არ შეეძლოს სასამართლოს გამოყენებით არჩეული თანამდებობის პირი ჩამოაშოროს თანამდებობას და შემდეგ წლების განმავლობაში ამ თანამდებობის პირმა ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა იმის ნაცვლად, რომ შეასრულოს ის დანაპირები, რის გამოც ხალხმა მას ნდობა გამოუცხადა არჩევნებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ თვითმმართველობის განვითარებაზე, მით უმეტეს, როცა ჩვენ ვაპირებთ ავირჩიოთ ყველა მერი და ყველა გამგებელი პირდაპირი წესით. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელი თავის ქმედებებში და ანგარიშვალდებული იყვნენ ხალხის წინაშე, მათი უფლებამოსილების შეწყვეტით კი მათ არჩევითობას ხაზს ვუსვამთ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, მეორე და მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ის, რომ ნებისმიერ მთავრობას გაუქრეს სურვილი, თავისი ოპონენტი სასამართლოს ხელით დაჩაგროს და დასაჯოს. ის დარწმუნებულია, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ სწორედ სასამართლოს საშუალებით მოიშორა ის თავიდან.

"ამიტომ, ჩვენი მიზანი არ დადის რომელიმე პერსონამდე. ჩვენი სარჩელიც იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლო არ იყოს პოლიტიკოსების დაპირისპირების ადგილი, სასამართლო იყოს მხოლოდ მართლმსაჯულების ადგილი და პოლიტიკოსებმა თავიანთი დავა და ოპონირება გადაიტანონ პოლიტიკურ სივრცეში. მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ფართოდ შეხედავს ამ პრობლემას. ჩვენ არ ვდავობთ იმაზე, რომ არჩეული მერი საერთოდ არ უნდა იქნეს გადაყენებული, არა, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, მაგრამ არჩეული თანამდებობის პირის გადაყენება არ უნდა იყოს ის სტანდარტი, რაც გამოიყენა საქალაქო სასამართლომ, როცა ღამის პირველ საათზე, მხარეების მონაწილეობის გარეშე, არგუმენტების გაცნობის გარეშე მოხდა არჩეული თანამდებობის პირის გადაყენება. ჩვენ თუ ეს პრეცედენტი დღესვე არ მოვკალით, ხვალ და ზეგ ეს პრეცედენტი პრაქტიკა გახდება და შემდეგ უკვე საქართველოში საერთოდ დასამარდება თვითმმართველობა", - თქვა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა 2013 წლის 22 დეკემბერს, გვიან ღამით, ზეპირი მოსმენის გარეშე შეუჩერა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება და პატიმრობა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ უგულავას მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერა და გირაო, 50 000 ლარი დააკისრა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები