სოჭის ოლიმპიადა

პრემიერი: რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ევროკავშირის, აშშ-ის რეკომენდაციაა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Euronews-თან რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ნორმალიზება იყო რეკომენდაცია არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების.

"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, იმიტომ, რომ ეს იყო რეკომენდაცია ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნებისგან. წინა ხელისუფლებას რუსეთის მიმართ რადიკალური მიდგომა ჰქონდა. ჩვენ შევცვალეთ რიტორიკა და ეს რადიკალური მიდგომა. თანდათან რუსეთმა გაგვიხსნა ბაზარი ქართული პროდუქციისთვის. ვგულისხმობ, ღვინოს, მინერალურ წყალსა და სხვა პროდუქტებს. ჩვენ გავაუმჯობესეთ რუსი და ქართველი ხალხის კომუნიკაცია, ასევე სატრანსპორტო მიმოსვლა. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ კვლავ ვხვდებით რუსეთისგან პროვოკაციებსა და პრობლემებს ოკუპაციის ხაზთან დაკავშირებით. რუსეთმა განაახლა მავთულხლართების გაბმის პროცესი. მათ ისინი უკვე 45 კილომეტრის სიგრძეზე დაამონტაჟეს. ეს პრობლემებს გვიქმნის.

ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ და ოკუპირებული რეგიონები ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ამას სჭირდება გამოსავალის პოვნა და ეს გამოსავალი ისაა, რომ დავიწყოთ დეოკუპაციის პროცესი. ეს ჩვენი ტერიტორიაა, მათ უნდა დატოვონ ჩვენი ძმები - აფხაზები და ოსები. ჩვენ მათ უნდა გავუზიაროთ ის სარგებელი, რასაც ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისგან მივიღებთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა სოჭის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა - თქვენმა წინამორბედმა ივანიშვილმა თქვა, რომ სპორტსმენები წავლენ ოლიმპიურ თამაშებზე. თუმცა, რამდენიმე თვის წინ საქართველოს ხელისუფლება ამბობდა, რომ არსებობდა ეჭვი წასვლასთან დაკავშირებით, რა ხდება ახლა?

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ. ეს იყო ძალიან რთულად გადასაწყვეტი ჩვენთვის. იმიტომ, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები ქართულ ტერიტორიასთან ახლოს ჩატარდება, ოკუპირებულ აფხაზეთთან. რადგან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, გადაწყვეტილების მიღება რთული აღმოჩნდა, თუმცა, ჩვენ ის მივიღეთ. ვთქვით, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავაცალკევოთ ერთმანეთისგან. ქართველო სპორტსმენები წავლენ ოლიმპიადაზე", - უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.

ღარიბაშვილმა ინტერვიუს დასასრულს თქვა, რომ სოჭის ოლიმპიადას ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრება.

 

კომენტარები