კეზერაშვილის საქმე

პროკურატურა: კეზერაშვილის ექსტრადიციაზე ფრანგ კოლეგებთან მუშაობას ვაგრძელებთ

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარი პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ პროკურატურა ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

"დღეს, საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა.

მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე. გადაწყვეტილების თანახმად, დ. კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მხოლოდ 10-დან 18 საათამდე, ხოლო შაბათს და კვირას 9-დან 21 საათამდე.

ექ-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა დღეიდან 6 თვე და არა მხოლოდ - 27 თებერვლამდე პერიოდი, როდესაც ექსტრადიციის საკითხზე მოსამართლემ მსჯელობა უნდა განაახლოს. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილმა სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი.

საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას ფრანგ კოლეგებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ექს-ან პროვანსის სასამართლომ დავით კეზერაშვილი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პატიმრობიდან გაათავისუფლა. მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ 27 თებერვალს გაირკვევა.

კომენტარები