კეზერაშვილის საქმე

სასამართლომ კეზერაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა

AFP.com

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ექს-ან პროვანსის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი ტაბულასთან საუბარში ადასტურებს. მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ 27 თებერვალს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, 30 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ფრანგმა პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ აუცილებელია, ქართულ მხარეს უარი ეთქვას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ კეზერაშვილი ყოფილი მაღალჩინოსანი და ნაციონალურ მოძრაობასთან განსაკუთრებით დაახლოებული პირია. ეს კი ეჭვს ბადებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე. 

პროცესზე თბილისიდან ჩასული პროკურორი ირაკლი დონდოლაძეც იმყოფებოდა. ის აცხადებდა, რომ აუცილებელია, კეზერაშვილი წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე და იქ გასცეს პასუხი კითხვებს. 

დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ იმის მოტივი, რომ ქართული მხარე დავით კეზერაშვილის ექსტრადირებას ითხოვს, პოლიტიკურია.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. კეზერაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის ორ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. კეზერაშვილს პროკურატურა ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ედავება. იმედის და რიყის გასხვისების საქმეზე კი, კეზერაშვილი დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერთან გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

 

კომენტარები