შეტაკებები უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტმა აზაროვის განცხადება გადადგომის შესახებ, დააკმაყოფილა

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერმინისტრ აზაროვის მიმართვა გადადგომის შესახებ, დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის განკარგულებით, მინისტრთა კაბინეტი თავისი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე გააგრძელებს. ნიკოლაი აზაროვმა გადადგომის თხოვნით, პრეზიდენტს დღეს მიმართა. აზაროვის განცხადებით, მისი გადადგომა საერთო საზოგადოებრივი კომპრომისის მიღწევისა და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.

პარალელურად, დღეს, უკრაინის რადაში 16 იანვარს მიღებული კანონების უმრავლესობა გააუქმეს. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა დემონსტრაციების გამართვის წესებს, უკრაინაში მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებების მიზეზი გახდა. დაპირისპირების შედეგად, ასობით ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა ინფორმაციით, შეტაკებებს 5 ადამიანი ემსხვერპლა.

მიღებულმა კანონებმა საერთაშორისო კრიტიკაც დაიმსახურა, მსოფლიო ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტს მიღებული კანონების გაუქმებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.

უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით კიევს დღეს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი ეწვევა. კიევში ჩავა ასევე საგანგებოდ შექმნილი ევროპარლამენტართა 12-კაციანი დელეგაცია.

კომენტარები