თბილისის საკრებულო

კუკავა: მერის მოვალეობის შემსრულებლად ირაკლი შიხიაშვილს განიხილავენ

timer.ge

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის კახა კუკავას განცხადებით, ქართულმა ოცნებამ თბილისის ბიუჯეტის ჩაგდებასთან დაკავშირებით გეგმა შეიმუშავა. მისი თქმით, თუ ბიუჯეტი 11 მარტამდე არ დამტკიცდა, ცენტრალურ მთავრობას საშუალება ექნება, თბილისის საკრებულო დაითხოვოს და მერის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს. კუკავას ინფორმაციით, ამ პოსტზე ხელისუფლება საკრებულოს დღევანდელი თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას განიხილავს. დეპუტატის თქმით, ამგვარი ქმედებით დედაქალაქში ქართული ოცნების ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდება.

კახა კუკავა საკრებულოდან ხვიჩა სანაიას წასვლის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სანაიამ განცხადება საკრებულოს დატოვების შესახებ, ზეწოლის შედეგად დაწერა. თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიძიონ სანაიას საქმე. ასევე, კახა კუკავა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს თხოვნით მიმართავს, არ დააკმაყოფილონ მისი განცხადება, სანამ იგი პირადად არ დაადასტურებს, რომ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა.

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძე კუკავას განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხვიჩა სანაია არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც ზეწოლით მიიღებს გადაწყვეტილებას. ის რჩევით მიმართავს კუკავას, თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისაგან.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა დააკმაყოფილა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - ახალი თბილისის თავმჯდომარის ხვიჩა სანაიას განცხადება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე გუშინ შევიდა. მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

2013 წლის განმავლობაში, ხვიჩა სანაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენჯერმე დაიბარეს.

კომენტარები