რელიგიები

უსუფაშვილი: კონფესიების დაფინანსებაზე მთავრობის არგუმენტი დამაკმაყოფილებელია

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოთხი კონფესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფის თაობაზე კონსულტაციები გაიმართა როგორც კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ისე, საქართველოს საპატრიარქოსთან და უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქთან.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობის არგუმენტები და გადაწყვეტილების მოტივები სრულიად დამაკმაყოფილებელია. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ მთავრობის პოზიციაა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს და თუ გაირკვევა, რომ საბჭოთა პერიოდში ანალოგიური ზარალი სხვა კონფესიის წარმომადგენლებმაც მიიღეს, ზიანის ასანაზღაურებლად დაფინანსებას ისინიც მიიღებენ.

"ის თუ საიდან დადგინდა მათთვის 4,5 მილიონი ლარის გამოყოფა, ამაზე გეტყვით, რომ ამჯერად აღნიშნული თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი. მთავრობამ შესაბამისი განმარტებაც გააკეთა და ეს ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხია. საქართველოს მთავრობის განცხადებით, საბჭოთა პერიოდში კომუნისტური რეპრესიების დროს დაზარალდა ძალიან ბევრი მოქალაქე და ბევრი ინსტიტუტი. ვიცით, რომ საბჭოთა რეჟიმი ყველაზე უფრო მძაფრად რელიგიურ ორგანიზაციებს ებრძოდა, მათი ათეისტური ფილოსოფიიდან გამომდინარე. მათთვის ერთნაირად მიუღებელი იყო ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობა. ამიტომ დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ პირობებში, როცა მართლმადიდებლური ეკლესია ბიუჯეტიდან იღებს სახსრებს, ამ ზარალის გამო, საჭიროა კომპენსაცია სხვა რელიგიურმა მიმდინარეობებმაც მიიღოს, რომელთაც ასევე განიცადეს დევნა საბჭოთა რეჟიმის დროს. საქართველოში არის რელიგიური დაწესებულებები, რომლებიც ანალოგიურად რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, შესაძლოა, კიდევ ოთხი კონფესია დააფინანსოს. შესაბამისი საკითხი მინისტრთა კაბინეტმა გუშინ განიხილა.

"ბოლო პერიოდში მესმის, თითქოს, ჩვენი მთავრობის დროს გახშირდა რელიგიურ ნიადაგზე შუღლი. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი მთავრობის დროს არათუ გაუარესდა ვითარება, არამედ გვაქვს გაუმჯობესება. გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიების მიმართ. ამის დადასტურებაა ის, რომ დღეს გამოგვაქვს საკითხი, რომლითაც ოთხ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ესენია: მუსულმანური, გრიგორიანული, კათოლიკური სარწმუნოება და იუდაიზმი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დაფინანსება და ის ამ რელიგიებზე პროპორციულად გადანაწილდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ღარიბაშვილის თქმით, ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტი რელიგიებს არ აფინანსებს, რის გამოც მათი ინიციატივა უპრეცედენტო დადასტურებაა იმის, რომ ისინი ყველა რელიგიას პატივს თანაბრად სცემენ.

კომენტარები