შეტაკებები უკრაინაში

პატრიარქი ფილარეტი უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ეწინააღმდეგება

პატრიარქი ფილარეტი
telegraf.com.ua

უკრაინის პატრიარქი ფილარეტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ის ინტერნეტპორტალ gordonua.com-ს ესაუბრა. მისი აზრით, უკრაინის ხელისუფლებას არ გააჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობა შეინარჩუნოს.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ამასთან ერთად, მდგომარეობის შემოღება არ ნიშნავს იმას, რომ მისი აღსრულება მოხდება. საეჭვოა, რომ ხელისუფლებას ძალა ეყოს იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა შეინარჩუნოს", - თქვა პატრიარქმა.

უკრაინის პატრიარქი გამოსავალს ძალისმიერი ქმედებების შეწყვეტასა და ხალხის ნების გათვალისწინებით მოლაპარაკებების გაგრძელებაში ხედავს.

უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ხვალ უკრაინის პარლამენტის სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი პარტია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. გასულ ღამეს სამოქალაქო მოძრაობა Спильна справа-ს აქტივისტების მიერ იუსტიციის სამინისტრო დაკავებას უკრაინის იუსტიციის მინისტრ ელენე ლუკაშის განცხადება მოჰყვა. მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დემონსტრანტები სამინისტროს არ დატოვებდნენ, ის საგანგებო მდგომარეობის დაუყოვნებლივ შემოღებას მოითხოვდა.

კომენტარები