რელიგიები

მამა აკაკი ჭელიძე: დაფინანსების შესახებ გვაქვს კითხვები

აკაკი ჭელიძე

პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, შესაძლოა, კიდევ ოთხი კონფესია, მათ შორის - კათოლიკური ეკლესია დააფინანსოს, ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის კანცელარიის გამგე, მამა აკაკი ჭელიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ფაქტის შესახებ პირველად დღეს, სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყო და დადებითად აფასებს, თუმცა პირობებისა და დეტალების შესახებ, კითხვები გააჩნია.

"წარსულში ყოფილა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ძალიან შორიდან. ამგვარი კონკრეტული წინადადება პირველია და მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ამის შესახებ საუბარი ყოფილა, ამგვარი განცხადება დღეს მაინც მოულოდნელი იყო. იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ საკითხთან დაკავშირებით, პასუხი უნდა გაეცეს მთელ რიგ კითხვებს, პირობები უნდა გაირკვეს და რა წინადადებასთან გვაქვს საქმე, ამის შემდეგ ყველა კმაყოფილნი ვიქნებით. ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის ამგვარი წინადადება, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტია. მიუხედავად ამისა, კითხვები არსებობს და დამაკმაყოფილებელი პასუხების შემთხვევაში კმაყოფილები ვიქნებით", - განაცხადა მამა აკაკი ჭელიძემ.

კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩამოთვლილი ოთხი რელიგიური კონფესიის გარდა, სხვების დაფინანსებაც უნდა იყოს თუ არა სახელმწიფოს მიერ განხილული, ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის კანცელარიის გამგემ განაცხადა, რომ პრინციპის შესახებ კითხვები მასაც გააჩნია და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქეს თანაბრად მოეპყრობა.

"გვაინტერესებს, რატომ მხოლოდ ოთხი კონფესია, რა პრინციპით განისაზღვრება დაფინანსება. ჩვენ ყველაფერი ფეისბუქის საშუალებით გავიგეთ, ჯერ მეტ ინფორმაციას არ ვფლობთ. სახელმწიფო თავის თითოეულ მოქალაქეს უნდა ექცეოდეს, როგორც საკუთარ შვილს და არა გერს. რა თქმა უნდა, ქვეყნის მეთაურები ფლობენ იმდენ უნარს, რომ სამართლიანად მოეპყრან ყველას", - განაცხადა მამა აკაკი ჭელიძემ.

კომენტარები