პატიმრობის შესახებ კანონი

ვაშაძე: პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები წამების დაკანონებაა

BPN.GE

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის შეფასებით, პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები წამების დაკანონებაა. როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბევრი სპეცსაშუალება, რომლის გამოყენებასაც ცვლილება ითვალისწინებს, მიუღებელი და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

„მე გავოცდი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს არის წამების დაკანონება ფაქტობრივად. ძალიან ბევრი საშუალება, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, მიუღებელია და ჯანმრთელობისთვის არის ძალიან საზიანო. არ ვიცი მის ავტორებს რამდენად აქვთ გააზრებული ეს ინიციატივა. არა მგონია, ეს იყოს გამოსავალი ციხეებში სისტემის მართვისას სწორი მენეჯმენტისთვის. ადრე რა ფაქტებიც იყო ციხესთან დაკავშირებით, ეს არავის მოსწონს, მაგრამ წამების დაკანონება გაცილებით უარესია“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნულ კანონპროექტს სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს.

ცნობისთვის, პარლამენტში შევიდა პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი, რომლის მიხედვით, ხელბორკილისა და დამაწყნარებელი პერანგის გარდა, პატიმრის მიმართ დასაშვები ხდება დამაწყნარებელი სკამის, დამაწყნარებელი საწოლის, რეზინის ხელკეტის, ცრემლსადენი გაზის, წიწაკის გაზის, არალეტალური იარაღის, აკუსტიკური საშუალების, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობის, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლის გამოყენება.

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პატიმრებისადმი ჰუმანიზებული მოპყრობისკენ გადადგმული ნაბიჯია. როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს ექნება პატიმრობის ევროპულ წესებთან და გაერო-ს სტანდარტებთან შესაბამისი ცივილიზებული კოდექსი.

"ყველა ის სპეცსაშუალება თუ ფართობის მინიმალური სტანდარტი პატიმრობის ევროპული წესებიდან და გაეროს მინიმალური სტანდარტებიდან გამომდინარეობს. მოდელად ავიღეთ ესტონეთის მაგალითი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და თანამედროვე კოდექსი აქვს. გარდა ამისა, ვიდრე კოდექსი მთავრობასა და პარლამენტში განსახილველად შევიდოდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობდით ევროსაბჭოს ოფისთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის ოფისთან. მათი შენიშვნები გავითვალისწინეთ და შემდეგ მოვაწყვეთ კონფერენცია, რომელზეც სპეცსაშუალებების ჩამონათვალთან დაკავშირებით არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა", - განაცხადა სუბარმა.

მინისტრის ინფორმაციით, პატიმრობის კოდექსში ჩამოთვლილი სპეცსაშუალებები პოლიციის შესახებ კანონში ჩამოთვლილ სპეცსაშუალებებზე გაცილებით ვიწროა.

სუბარის განცხადებითვე, პოლიციის შესახებ კანონით მსოფლიოში და საქართველოშიც დასაშვებია ელექტროშოკის გამოყენება, რასაც პატიმრობის შესახებ კანონი კრძალავს.

"აჟიოტაჟი ზედმეტია. პირველად, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს ძალიან უახლოვდება", - თქვა სუბარმა და აღნიშნა, რომ კანონი ზოგად ნორმებს განსაზღვრავს, დეტალებს კი, მინისტრი გაწერს - რა შემთხვევაში რომელი კონკრეტული სპეციალური საშუალების გამოყენება იქნება დასაშვები.

"ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები გაოცებული იყვნენ, როდესაც მონიტორინგისას აღმოაჩინეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები შეიარაღებული არ იყვნენ ხელკეტებით, რადგან ეს მსოფლიოში დაშვებულია. კარგად გვახსოვს, ხელკეტები ჰქოდათ, მაგრამ იყენებდნენ ადამიანების წამებისთვის. ეს იქნება გამორიცხული, ვიდრე ჩვენ ხელისუფლებაში ვართ. მაგრამ ის, რომ ხელკეტი დანიშნულების შესაბამისად იყოს გამოყენებული, ეს ნორმალურია. შარშან თებერვალში, სამი პატიმრის ჩხუბს ჩვენი თანამშრომელი შეეწირა, სწორედ იმიტომ, რომ მათ არანაირი დაკანონებული სპეციალური საშუალება არ აქვთ", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, კოდექსში გათვალისწინებულია გასაჩივრების მექანიზმიც.

კომენტარები